დავაინიცირებთ არჩევნების შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნას - კობახიძე

პუბლიკა

პირველი შეკრებისთანავე საპარლამენტო უმრავლესობა დააინიცირებს 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნას. – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა ირაკლი კობახიძემ დღევანდელ ბრიფინგზე განაცხადა.

„კომისიის მუშაობაში ჩასართავად მოვიწვევთ ყველა დაინტერესებულ სუბიექტს, მათ შორის, დამოუკიდებელ ექსპერტებს, არასამთავრობო ორგანიზაციებსა და საერთაშორისო პარტნიორებს. ბუნებრივია, საპარლამენტო პარტიები თავისთავად იქნებიან ჩართულები ამ კომისიის მუშაობაში. კომისია უზრუნველყოფს არჩევნების სრულფასოვან შეფასებას, სხვადასხვა ინსტრუმენტის, მათ შორის, უბნების მასშტაბური გადათვლის გამოყენებით.

თუ დაფიქსირდება თუნდაც 1%-იანი გადახრა „ქართული ოცნების“ სასარგებლოდ (ჩვენ დარწმუნებულნი ვართ, რომ გადახრა 0.1%-იც კი არ იქნება), „ქართული ოცნება“ გამოაცხადებს რიგგარეშე არჩევნებს. გარდა ამისა, როგორც „ქართული ოცნების“ საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელი, სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, ამ შემთხვევაში დავტოვებ ყველა პოლიტიკურ თანამდებობას და სრულად ჩამოვშორები პოლიტიკურ საქმიანობას“, – განაცხადა კობახიძემ.