დღეს სუს-ის გამართულ ბრიფინგზე ცნობილი გახდა, რომ დააკავეს თავდაცვის ყოფილი მინისტრი ბაჩო ახალია. უწყების მტკიცებით, 4 ოქტომბრის აქციის „მთავარი ორგანიზატორი“ იყო ბაჩო ახალაია.
უწყების მტკიცებით, „საორგანიზაციო კომიტეტის“ წევრებთან ბაჩო ახალაიას სატელეფონო ინტერნეტ-კავშირი ჰქონდა. თუმცა სუს-ს არ დაუკონკრეტებია კომუნიკაციის შინაარსი.
„სისხლის სამართლის საქმე სხვა სისხლის სამართლის საქმესთან გასაერთიანებლად, ქვემდებარეობით ბრალის წარსადგენად და შემდგომი გამოძიების ჩატარების მიზნით გადაეცემა შსს-ს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტს“, – განაცხადეს სუს-ში გამართულ ბრიფინგზე.
სუს-ის ცნობით, ახალაიასთან ერთად დააკავეს მისი მეუღლე – ანა ნადარეიშვილიც, თუმცა ის გაათავისუფლეს.
„გამოძიება მომავალში არსებული თუ სხვა ახალი მტკიცებულების საფუძველზე იმსჯელებს, იღებდა თუ არა რაიმე ფორმით ისიც მონაწილეობას მის მეუღლესთან ერთად ჩადენილ დანაშაულში“, – განაცხადეს ბრიფინგზე.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის განცხადებას სრულად გთავაზობთ:
„როგორც საზოგადოებისთვის ცნობილია, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის წარმოებაშია სისხლის სამართლის საქმე, რომელიც ეხება ოთხი ოქტომბრის ცნობილი დანაშაულებრივი მოვლენების პარალელურად დიდი ოდენობით იარაღის, საბრძოლო მასალისა და ასაფეთქებელი მოწყობილობების შეძენა-შენახვის ფაქტს, რომელშიც იმხილება ბრალდებული ბექა ჭულუხაძე, ხოლო გამოძიება მუშაობს როგორც ამ ფაქტის კავშირზე სახელმწიფო ხელისუფლების დამხობის საქმესთან, ასევე დანაშაულში ბაჩანა ახალაიას, ლაშა შერგელაშვილისა და სხვა პირთა შესაძლო თანამონაწილეობაზე.
საქმეზე ჩატარებულია მრავალი საგამოძიებო მოქმედება, მათ შორის, ჩვენ შევძელით უტყუარობის მაღალი სტანდარტით, წუთებისა და წამების სიზუსტით, ინტერნეტტრაფიკის მაიდენტიფიცირებელი მონაცემებით დაგვედგინა ორ პირს შორის მობილური ტელეფონების ინტერნეტაპლიკაციების მეშვეობით შემდგარი სატელეფონო ინტერნეტკავშირი. მოსამართლის განჩინებების საფუძველზე ამოღებული ინფორმაციის სპეციალისტების მიერ დამუშავების შემდეგ დადგინდა, რომ ოთხი ოქტომბრის დანაშაულებრივი მოვლენების დროს, აღნიშნულ მოვლენებს ინტერნეტაპლიკაციების მეშვეობით ხელმძღვანელობდა და საქართველოში მისი მთავარი ორგანიზატორი იყო ბაჩანა ახალია.
საზოგადოებისთვის უფრო გასაგები რომ იყოს, დეტალურად შეგვიძლია განვმარტოთ, რომ ოთხი ოქტომბრის დანაშაულებრივი მოვლენების, აწ უკვე ბრალდებულ ორგანიზატორებთან, მათი ინტერნეტაპლიკაციებსა და ანნა ნადარეიშვილის აიპი (ამ შემთხვევაში ე.წ. ვაიფაის) მისამართებს შორის, რომელიც მის ამჟამინდელ საცხოვრებელ მისამართზეა რეგისტრირებული, 2025 წლის 28 სექტემბრის 21:00 საათიდან მათ დაკავებამდე, შედგა არაერთი სატელეფონო ინტერნეტკომუნიკაცია ინტერნეტაპლიკაციების მეშვეობით, კერძოდ, ჯამში, ფიქსირდება 343 შემდგარი ინტერნეტსესია, მათ შორის, მურთაზ ზოდელავასთან 157-ჯერ, პაატა ბურჭულაძესთან 110-ჯერ, პაატა მანჯგალაძესთან 29-ჯერ, ლაშა ბერიძესთან 26-ჯერ, ირაკლი ნადირაძესთან 21-ჯერ.
ამასთან, ხსენებული პირების მიერ, საზოგადოებისთვის უკვე კარგად ცნობილი მასშტაბის დანაშაულის ორგანიზების პარალელურად, მურთაზ ზოდელავასა და ბაჩანა ახალაიას მეუღლის, ანნა ნადარეიშვილის სახელზე რეგისტრირებულ აიპი მისამართს შორის ინტერნეტკონტაქტი უშუალოდ 4 ოქტომბერს, დღის განმავლობაში შედგა რამდენიმეჯერ, კერძოდ: 10 საათსა და 20 წუთზე; 11 საათსა და 35 წუთზე; 11 საათსა და 47 წუთზე; 16 საათსა 02 წუთზე. მოცემულ შემთხვევაში საყურადღებოა, რომ ინტერნეტკონტაქტიდან 4 წუთში მომიტინგეებმა დაიწყეს მსვლელობა თავისუფლების მოედნის მიმართულებით. შემდეგი ინტერნეტსესიები ფიქსირდება 17 საათსა და 51 წუთზე; 18 საათსა და 06 წუთზე.
რაც ძალიან საყურადღებოა და შესაბამისი დასკვნის გამოტანის მყარ საფუძველს იძლევა, 4 ოქტომბერს ბოლო კავშირი მურთაზ ზოდელავას ანნა ნადარეიშვილის სახელზე რეგისტრირებულ აიპი მისამართზე განხორციელებული აქვს მისი და პაატა ბურჭულაძის ძალადობრივი მოწოდებებით გამოსვლამდე 9 წუთით ადრე – 18 საათზე, 44 წუთსა და 11 წამზე. იმავე დღეს ფიქსირდება პაატა ბურჭულაძის ორი სატელეფონო ინტერნეტკონტაქტი ანნა ნადარეიშვილზე რეგისტრირებულ აიპი მისამართზე, პირველი – ცხრა საათსა და 21 წუთზე, მეორე კი 17 საათსა და 14 წუთზე.
რაც შეეხება ლაშა ბერიძეს, მას ბაჩანა ახალიასთან 4 ოქტომბერს, დღისით, სატელეფონო ინტერნეტკავშირი ჰქონდა 10 საათსა და 39 წუთზე, 19 საათსა და 20 წუთზე, 19 საათსა და 21 წუთზე, 19 საათსა და 29 წუთზე, 19 საათსა და 32 წუთზე, 19 საათსა და 34 წუთზე, 19 საათსა და 41 წუთზე. ამ შემთხვევაში აღსანიშნავია, რომ მოცემული ინტერნეტკონტაქტები ემთხვევა პრეზიდენტის სასახლის შენობაზე ძალადობრივი იერიშის დაწყების შემდგომ პერიოდს და განსაკუთრებით საყურადღებოა იმითაც, რომ ლაშა ბერიძე ამ დროს იმყოფებოდა პრეზიდენტის სასახლესთან და შესაბამისად, დირექტივებს ბაჩანა ახალაიასგან იღებდა.
ძალიან მნიშვნელოვანია ერთი გარემოებაც: მას შემდეგ, რაც სხვადასხვა წყაროებიდან დაიწყო ჩანაწერის გავრცელება, რომელიც, სავარაუდოდ, ასახავდა ბაჩანა ახალიასა და პაატა ბურჭულაძეს შორის შემდგარ საუბარს ხელისუფლების დამხობის თაობაზე, შეიცვალა მურთაზ ზოდელავასთან კომუნიკაციის ფორმა, რის შემდეგაც აქტიური ინტერნეტკავშირი ფიქსირდება მასსა და მოქალაქე ზვიად გაგუას მობილური ტელეფონის ინტერნეტაპლიკაციებს შორის. 4 ოქტომბრის პირველი ასეთი კავშირი ინტერნეტაპლიკაციით 20 საათსა და 12 წუთზე, ხოლო შემდეგი კავშირები 21 საათსა და 09 წუთზე; 21 საათსა და 15 წუთზე; 21 საათსა და 23 წუთსა და 22 საათსა და 08 წუთზე შედგა.
გაგუა, ისევე როგორც ბაჩანა ახალია და ანნა ნადარეიშვილი, დაკითხულები არიან გამოძიების მიერ და სამივე მათგანი ადასტურებს, რომ ზვიად გაგუა არის ახალაიების ოჯახის ახლობელი და ცხოვრობს მათთან სახლში.
ამ შემთხვევაში, დასაბუთებულია ვარაუდი, რომ სატელეფონო ინტერნეტკავშირი არა მურთაზ ზოდელავასა და ზვიად გაგუას შორის, არამედ ის რეალურად მურთაზ ზოდელავასა და ბაჩანა ახალაიას შორის შედგა.
ამ ინტერნეტკავშირებიდან ყურადსაღებია ზოდელავასა და გაგუას მობილური აპლიკაციების კავშირი 20 საათზე, 12 წუთსა და 23 წამზე, საიდანაც 3 წუთში მურთაზ ზოდელავა კვლავ დაუბრუნდა სცენას, წარადგინა ახალი გეგმა და მომიტინგეებს მოუწოდა დაძრულიყვნენ ,,ქართული ოცნების’’ ცენტრალური ოფისისკენ.
როგორც ხედავთ, მოპოვებული მტკიცებულებებიდან გამომდინარე, უტყუარად დასტურდება ოთხი ოქტომბრის დანაშაულებრივი მოვლენების მთავარი ორგანიზატორის ვინაობა საქართველოში.
შესაბამისად, ჩვენ მიერ დაკავებულია ბაჩანა ახალაია. დაკავებული და სისხლის სამართლის საქმე, სხვა სისხლის სამართლის საქმესთან გასაერთიანებლად, ქვემდებარეობით, ბრალის წარსადგენად და შემდგომი გამოძიების ჩატარების მიზნით, გადაეცემა შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტს.
რაც შეეხება ბაჩანა ახალაიასთან ერთად დაკავებულ ანნა ნადარეიშვილს, მიღებულია გადაწყვეტილება მისი დაკავებიდან გათავისუფლების შესახებ და გამოძიება მომავალში, არსებული თუ სხვა ახალი მტკიცებულებების საფუძველზე, იმსჯელებს, იღებდა თუარა რაიმე ფორმით ისიც მონაწილეობას მის მეუღლესთან ერთად ჩადენილ დანაშაულში.
ანნა ნადარეიშვილის მიმართ აღნიშნული გადაწყვეტილება მიღებულია იმის მიუხედავად, რომ ბაჩანა ახალაიამ საერთოდ უარი განაცხადა ყველანაირი ჩვენების მიცემაზე, მათ შორის, მას ჰქონდა შესაძლებლობა ეპასუხა კითხვაზე – მხოლოდ ის კონტაქტობდა დანაშაულის სხვა ორგანიზატორებთან თუ ამაში ჩართული იყო მისი მეუღლე ანნა ნადარეიშვილიც, რითაც თავადაც არ გამორიცხა დანაშაულის ჩადენაში მისი მეუღლის თანამონაწილეობა“, – ნათქვამია სუსის განცხადებაში.
ბაჩო ახალია 10 ოქტომბერს კრიმინალურ პოლიციაში გამოკითხვაზე იმყოფებოდა. შსს-ს ცნობით, ის უწყებაში მოწმის სახით გამოსაკითხად და ხმის ნიმუშის ასაღებად დაიბარეს.
„ძალიან მრცხვენია და ძალიან მიტყდება, რომ არაფერში არ ვიყავი ჩართული, სამწუხაროდ. ძალიან მრცხვენია, რომ ეს ხალხი ახლა ზის და სამზარეულოდან ვადევნებდი ამ ყველაფერს თავს, სამწუხაროა, ძალიან სამწუხაროა…
მგონია, რომ პრიმიტიულ პროპაგანდასთან გვაქვს საქმე, რომელზეც დახარჯეს 13 წლის განმავლობაში რესურსი, რომ ჰყოლოდათ რამდენიმე ბუა, მათ შორის, ერთი მე ვარ“, – ამბობდა ბაჩო ახალია.
4 ოქტომბერს, არჩევნების დღეს ტელეკომპანია „იმედმა“ თქვა, რომ მათ ელფოსტაზე მივიდა აუდიოჩანაწერი, რომლის ავთენტიკურობა დადგენილი არ არის. ტელევიზია ამბობდა, რომ ჩანაწერი ასახავდა სავარაუდოდ პაატა ბურჭულაძისა და ბაჩო ახალაიას საუბარს.
4 ოქტომბრის აქციის საქმეზე ამ ეტაპისთვის 70 ბრალდებულია.
დაკავებულთა შორის არიან „საორგანიზაციო კომიტეტის“ წევრები – პაატა ბურჭულაძე, პაატა მანჯგალაძე, ირაკლი ნადირაძე, მურთაზ ზოდელავა და ლაშა ბერიძე.
ბაჩო ახალაიას 9-წლით თავისუფლების აღკვეთა ე.წ. რუსი ჯაშუშების საქმეზე ჰქონდა მისჯილი. მან საპატიმრო 2022 წელს დატოვა.