დავაკავეთ ბარის დაცვის თანამშრომლები, რომლებმაც ორი სტუმარი სცემეს - შსს

პუბლიკა

შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, ორი ან მეტი პირის მიმართ ჯგუფურად ჩადენილი ჯანმრთელობის განზრახ დაზიანების ბრალდებით 2 პირი დააკავეს.

„გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა, რომლებიც თბილისში მდებარე ერთ-ერთ ბარში დაცვის თანამშრომლებად მუშაობდნენ, მიმდინარე წლის 22 აგვისტოს, ამავე ბარის სტუმრების, 1986 წელს დაბადებული ორი პირის – ი.ფ.-სა და ი.გ.-ს მიმართ, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ფიზიკური ძალადობა განახორციელეს. მომხდარის შედეგად, ი.ფ.-მ და ი.გ.-მ ჯანმრთელობის დაზიანება მიიღეს. მათ შესაბამისი სამედიცინო დახმარება გაეწიათ“, – წერია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

შსს-ს ინფორმაციით, გამოძიება ორი ან მეტი პირის მიმართ ჯგუფურად ჩადენილ ჯანმრთელობის განზრახ დაზიანების ფაქტზე, საქართველოს სსკ-ის 120-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ და „დ“ ქვეპუნქტებით მიმდინარეობს. დანაშაული 2-დან 4 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

უწყების განცხადებით, ტარდება ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებები ახალი გარემოებებისა და აღნიშნულ სისხლის სამართლის საქმესთან შესაძლო შემხებლობაში მყოფი სხვა პირების გამოკვეთის და დაკავების მიზნით.


ინფორმაცია სოციალურ ქსელში, თავდაპირველად დაზარალებულმა ივიკო ფრუიძემ გაავრცელა. ის წერდა, რომ თბილისში ერთ-ერთ ბარში გამოსვლის წინ ანგარიში მოითხოვა და შეკვეთილი ხუთი კოქტეილის ნაცვლად ანგარიშში ოცხდახუთი ეწერა. მისი თქმით, ეს ამბავი გააპროტესტა, რის გამოც სცემეს. მისი თქმით, შემთხვევა პეკინზე, Skygirls bar-ში მოხდა.