დავაკავეთ ექთანი, რომელმაც 150 ლარის სანაცვლოდ აუცრელი პირი აცრილების ბაზაში დაარეგისტრირა - საგამოძიებო

პუბლიკა

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ცნობით, ჯგუფურად კომერციული მოსყიდვისა და ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადება-გასაღების შემთხვევა გამოავლინეს.

„გამოძიებით დადგინდა, რომ ქ. თბილისში მდებარე ერთ-ერთი სამედიცინო დაწესებულების ექთანმა, რომელიც თავისი უფლებამოსილებებიდან გამომდინარე, ახდენდა მოქალაქეთა კოვიდ-ვაქცინაციას, უკანონო მატერიალური სარგებლის მიღების მიზნით, მასთან დანაშაულებრივ კავშირში მყოფ პირთან ერთად, მოქალაქეს გამოართვა 150 ლარი, რის სანაცვლოდაც, აცრის შესაბამისი პროცედურის განხორციელების გარეშე, დაამზადა „COVID-19“ აცრის ყალბი ბარათი, თითქოსდა მოქალაქე აცრილ იქნა „Pfizer“-ის ვაქცინით.

ამავდროულად, ბრალდებულებმა, აღნიშნული ყალბი ბარათის საფუძველზე, მოქალაქე დაარეგისტრირეს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ოფიციალურ ბაზაში, როგორც ვაქცინირებული პირი“, – ამბობენ საგამოძიებო სამსახურში.

საგამოძიებო სამსახურის ცნობით, საქმეზე გამოძიება გრძელდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 221-ე მუხლის მე-4 და 362-ე მუხლის პირველი ნაწილებით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 4-დან 6 წლამდე ვადით.