დავაკავეთ მედდა, რომელიც თანხის სანაცვლოდ მოქალაქეებს აცრილად აფიქსირებდა - საგამოძიებო

პუბლიკა

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებისა და კომერციული მოსყიდვის ფაქტზე სამედიცინო დაწესებულების მედდა დააკავეს.

კერძოდ, უწყების განმარტებით, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლების მიერ გატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, სამეგრელოს რეგიონში დაკავებულ იქნა სამედიცინო დაწესებულების მედდა, რომელიც სამსახურებრივი მოვალეობების შესრულებისას, დაინტერესებულ მოქალაქეებს, კლინიკაში მიუსვლელად აფიქსირებდა იმუნიზაციის მართვის ელექტრონულ მოდულში როგორც ვაქცინირებულ პირს, რის სანაცვლოდაც, პირადი სარგებლის სახით, იღებდა მათგან გარკვეულ თანხას.

„დანაშაულში უკვე მხილებულია თხუთმეტი მოქალაქე, რომლებიც თავის მხრივ, ხსენებული ბრალდებულისათვის თანხის – 300 ლარამდე გადახდის სანაცვლოდ, დარღვევით დარეგისტრირდნენ როგორც ვაქცინირებული პირები.

წინასწარი მონაცემებით, აღნიშნული დანაშაულებრივი გზით, იმუნიზაციის მართვის ელექტრონულ მოდულში დარეგისტრირებულია დამატებით ათეულობით პირი, რომელთა დადგენა-მხილების მიზნითაც ტარდება შესაბამისი ღონისძიებები.

საქმეზე გამოძიება გრძელდება საქართველოს სსკ 220-ე და 221-ე მუხლებით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 3-დან 5 წლამდე ვადით“, – ნათქვმია ინფორმაციაში.