დავაკავეთ ორი პირი, რომლებმაც მარკეტ „ლიბრედან“ 162 ლარის სიგარეტი გაიტაცეს - შსს

პუბლიკა

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, სამართალდამცავებმა რუსთავში 1993 წელს დაბადებული და შსს-ვე თქმით, ამჟამად ძარცვისთვის პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი მ.გ. და 1980 წელს დაბადებული დ.ხ. ჯგუფურად ჩადენილი ყაჩაღობის ბრალდებით დააკავეს.

„გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა მიმდინარე წლის 15 იანვარს ქალაქ რუსთავში მდებარე სუპერმარკეტ „ლიბრეში“, კონსულტანტებს ცივი იარაღის მუქარით თანხა მოსთხოვეს, თუმცა მათ წინააღმდეგობა გაუწიეს. თავდამსხმელებმა ერთ-ერთ კონსულტანტს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს. ბრალდებულებმა სუპერმარკეტიდან 162 ლარის ღირებულების სიგარეტი გაიტაცეს და შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ“, – წერია შსს-ს განცხადებაში.

უწყების ინფორმაციით, ჯგუფურად ჩადენილ ყაჩაღობის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს და დანაშაული 6-დან 9 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.