დავაკავეთ პირი, რომელიც ბელარუსის სპეცსამსახურების დავალებით ტერაქტს გეგმავდა - უკრაინის უშიშროება

პუბლიკა

უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, მათ გამოავლინეს და სპეცოპერაციის შედეგად დააკავეს პირი, რომელიც ბელარუსის სპეცსამსახურებისთვის მუშაობდა.

უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, პირი აიყვანეს მაშინ, როცა ერთ-ერთი საჯარო დაწესებულების მიმდებარე ტერიტორიაზე მანქანისთვის ცეცხლის წაკიდებას ცდილობდა.

უწყებაში აცხადებენ, რომ მისი დავალება იყო მედიისა და უცხოელი მოქალაქეების დაშინება. ამისთვის კი ის სხვადასხვა პროვოკაციულ ქმედებას მიმართავდა. ტოვებდა მუქარის შემცველ წერილებს მათი სახლების სიახლოვეს და ავრცელებდა ცრუ ინფორმაციას შენობების დანაღმვის შესახებ, რათა შეექმნა საფრთხისა და არეულობის განცდა.

უსაფრთხოების სამსახური აცხადებს, რომ დაკავებულს დავალებული ჰქონდა ქვეყანაში დესტაბილიზაციის ხელშეწყობა, რის გამოც ის მონაწილეობდა არასანქცირებულ გამოსვლებში სხვა ქვეყნების საელჩოების წინ. ის აგრეთვე ცდილობდა ინფორმაციის მოპოვებას სასაზღვრო რეგიონებში უკრაინელი სამხედროების დისლოკაციისა და გადაადგილების შესახებ.

უწყება აცხადებს, რომ დაკავებული მოქალაქე სპეცსამსახურებმა Telegram-ის მეშვეობით გადაიბირეს და ურიცხავდნენ თანხას პროვოკაციული მოქმედებებისთვის. დაკავებულს ამ ფულით შეძენილი ჰქონდა ავტომობილი, აღმოაჩნდა პიროტექნიკა და აალებადი საშუალებები, რომლითაც უსაფრთხოების სამსახურის ცნობით, ის ტერორისული აქტის მოწყობას აპირებდა.