შსს-ს ცნობით, დააკავეს პირი, რომელიც „ფეისბუქის“ მეშვეობით, დანაშაულებრივი სქემით რამდენიმე მოქალაქის თანხას მართლსაწინააღმდეგოდ დაეუფლა.
„გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული სოციალური ქსელი „ფეისბუქის“ პლატფორმაზე კონკრეტული მოქალაქეების სახელისა და გვარების, ასევე ფოტოსურათების გამოყენებით ყალბ გვერდებს ქმნიდა. აღნიშნული გვერდების გამოყენებით, სხვადასხვა პირს უკავშირდებოდა, ნდობის მოპოვების შემდეგ კი თანხის სესხებას სთხოვდა. ბრალდებული აღნიშნული დანაშაულებრივი სქემით რამდენიმე მოქალაქის თანხას მართლსაწინააღმდეგოდ დაეუფლა“,- ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.
გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მეორე და მესამე ნაწილებით მიმდინარეობს.
დანაშაული 6-დან 9 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.