დავაკავეთ პირი, რომელიც გლდანში საცხოვრებელი ბინიდან უმისამართოდ ისროდა - შსს

პუბლიკა

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გუშინ „112-ში“ შევიდა შეტყობინება, იმის თაობაზე, რომ გლდანში, აკაკი ვასაძის ქუჩაზე, მდებარე ერთ-ერთი საცხოვრებელი კორპუსიდან რამდენიმე გასროლა განხორციელდა.

შსს-ს ცნობით, მიღებული შეტყობინების საფუძველზე ადგილზე გამოცხადდნენ სამართალდამცველები, ადგილზე ასევე მობილიზებული იყო სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადაც.

„ჩატარებულ ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, გაირკვა, რომ ერთ-ერთი საცხოვრებელი ბინიდან, სავარაუდოდ, ე.წ. სასიგნალო იარაღიდან, არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფმა მოქალაქემ – 1997 წელს დაბადებულმა ბ.შ.-მ რამდენჯერმე უმისამართოდ გაისროლა. სროლის შედეგად არავინ დაშავებულა. ამასთანავე, ბ.შ. არ დაემორჩილა ადგილზე მისული სამართალდამცველების კანონიერ მოთხოვნას, კერძოდ გარკვეული პერიოდის განმავლობაში ის პოლიციელებს საცხოვრებელი ბინის კარს არ უღებდა, “- ამბობენ უწყებაში.

პირი დაკავებულია ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე (სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობა) და 166-ე (წვრილმანი ხულიგნობა) მუხლებით გათვალისწინებული სამართალდარღვევებისთვის. სამართალდამცველებმა ნივთმტკიცებად ამოიღეს იარაღი, რომლიდანაც გასროლა განხორციელდა. ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მესამე ნაწილით მიმდინარეობს.