დავაკავეთ პირი, რომელმაც მკვლელობა ჩაიდინა და მოკლული მანქანით ხევში გადააგდო - შსს

პუბლიკა

შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, ჭიათურის მუნიციპალიტეტში პოლიციამ მკვლელობის ფაქტზე ერთი პირი დააკავა. დაკავებულს ბრალად ედება განზრახ მკვლელობა და ცეცხლის წაკიდებით ნივთის განადგურება.

„გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა მიმდინარე წლის 15 ივლისს, ჭიათურის მუნიციპალიტეტში, ვალთან დაკავშირებით წარმოქმნილი კონფლიქტის დროს, ნაცნობს – 1982 წელს დაბადებულ ბ.ა.-ს, რომელიც თავის კუთვნილ ავტომანქანაში იმყოფებოდა, ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით თავის არეში ჭრილობა მიაყენა. დაჭრილი მამაკაცი შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა.

ვ. ც-მ, კვალის დაფარვის მიზნით, ავტოსაგზაო შემთხვევის ინსცენირება მოაწყო. კერძოდ, გარდაცვლილი მძღოლი მგზავრის სავარძელზე გადაიყვანა, მისი ავტომანქანის საჭესთან თავად დაჯდა, შემთხვევის ადგილიდან რამდენიმე კილომეტრის მოშორებით, ზესტაფონის მუნიციპალიტეტში ავტომობილი ხევში გადააგდო, შემდეგ სალონში ცეცხლი გააჩინა და მიიმალა“, – ნათქვამია შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.

გამოძიება განზრახ მკვლელობისა და ცეცხლის წაკიდებით ნივთის განადგურების ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით და 187-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს. დანაშაული 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.