„დავაკავეთ პირი, რომელმაც სახეში მუშტი დაარტყა პოლიციელს, სცადა მეორე პოლიციელის ცემაც" - შსს

პუბლიკა
შინაგან საქმეთა სამინისტრო განცხადებას ავრცელებს, სადაც ამბობს, რომ “დეზინფორმაციაა, თითქოს ქალაქ გორში სამართალდამცველები ახალგაზრდას ფიზიკურად გაუსწორდნენ”.

“მიმდინარე წლის 3 იანვარს, შინაგან საქმეთა სამინისტროს შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის გორის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფი მოქალაქე, 2000 წელს დაბადებული პირი, რომელიც აგრესიულად იქცეოდა და დააზიანა მოქალაქის ავტომობილი, ადმინისტრაციული წესით დააკავეს.

დაკავების პროცესში, შემთხვევის ადგილზე, მისმა თანმხლებმა პირმა, 2005 წელს დაბადებულმა, ნასამართლევმა და პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფმა ლუკა თოფჩიშვილმა სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებაში სამართალდამცველებს ხელი შეუშალა და პოლიციელებს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა.

კერძოდ, სახეში დაარტყა მუშტი პოლიციელს, რის შემდეგაც დააპირა მიმალვა და სცადა მეორე პოლიციელის ცემა, რომელიც მას დაედევნა. თუმცა, სამართალდამცველებმა ის სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს, სამართალდამცველის მიმართ ძალადობით განხორციელებული წინააღმდეგობის ფაქტზე, სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე მუხლით დააკავეს”.

მანამდე ტელეკომპანია „პირველმა” გაავრცელა ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც 20 წლის ლუკა თოფჩიშვილის თქმით სამართალამცველები ჯერ ქუჩაში, შემდეგ კი პოლიციის განყოფილებაში ფიზიკურად გაუსწორდნენ.