„დავაკავეთ პირი, ვინც ლექსო ლაშქარავასა და მის თანმხლებ პირზე ნარკოტიკული საშუალება გაასაღა“ - შსს

პუბლიკა

შინაგან საქმეთა სამინიტროს განცხადებას ავრცელებს, სადაც ნათქვამია, რომ კომპლექსურად ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიების შედეგად, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვისა და გასაღების ბრალდებით, 1987 წელს დაბადებული ფ.ა. ფონიჭალაში დააკავეს.

„გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული უკანონოდ ეწეოდა ნარკოტიკული საშუალებების რეალიზაციას და 2021 წლის 10 ივლისს, ფონიჭალაში, სწორედ მან გაასაღა “ტვ-პირველის“ოპერატორ ალექსანდრე ლაშქარავაზე და მის თანმხლებ პირებზე, ნარკოტიკული საშუალება ჰეროინი.

სამართალდამცველების მიერ საქმეზე არაერთი საგამოძიებო მოქმედება ჩატარდა: დაიკითხა ათეულობით მოწმე, ჩატარდა მათთან ამოცნობები, დათვალიერდა არაერთი ვიდეოჩანაწერი და მიღებულ იქნა შესაბამისი ექსპერტიზის დასკვნები. საქმეზე მოპოვებული მტკიცებულებების საფუძველზე, სამართალდამცავებმა ბრალდებული 17 ივლისს, ფონიჭალის დასახლებაში დააკავეს.

სამართალდამცველებმა ბრალდებულის პირადი ჩხრეკისას სარეალიზაციოდ გამზადებული, ოთხ შეკვრად დაფასოებული, ხოლო საცხოვრებელი ბინიდან სამ შეკვრად დაფასოებული განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკი ნივთმტკიცებად
ამოიღო, “- ამბობენ უწყებაში.

მათივე ცნობით, გამოძიება ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვა-გასაღების ფაქტზე მიმდინარეობს, საქართველოს სისლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის 1-ლი და მე-4 ნაწილებით. დანაშაული 8-დან 20 წლამდე ვადით, ან უვადოდ თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.


5 ივლისს Tbilisi Pride-ის ორგანიზებული „ღირსების მარშის“ წინააღმდეგ რუსთაველის გამზირზე ჰომოფობიური, მოძალადე ჯგუფები შეიკრიბნენ. ისინი თავს დაესხნენ ჟურნალისტებს, რის შედეგადაც დაშავდა 53 მათგანი. რამდენიმეს დასჭირდა ოპერაციული ჩარევა.

მათ შორის იყო „TV პირველის“ ოპერატორი ალექსანდრე ლაშქარავა, რომელიც 11 ივლისს გარდაცვლილი იპოვეს. თავდასხმის შემდეგ ლექსო ლაშქარავას დაზიანებული ჰქონდა სახის ძვლები და ჩაუტარდა ქირურგიული ოპერაცია.

ლაშქარავას გარდაცვალების შემდეგ მედიაორგანიზაციები, არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები, აქტივისტები და ოპოზიციონერი პოლიტიკოსები მთავრობის პასუხისმგებლობის საკითხს აყენებენ და მოითხოვენ პრემიერისა და შს მინისტრის გადადგომას.

ლექსო ლაშქარავას გარდაცვალების საქმეზე დაწყებულია გამოძიება, ჩატარდა სამედიცინო ექსპერტიზა, რომლის შედეგიც რამდენიმე ხანში გახდება ცნობილი. 5 ივლისს ოპერატორზე თავდასხმის ბრალდებით ამ ეტაპზე დაკავებულია 5 პირი.