დავალიანების გამო სტატუსშეჩერებულ სტუდენტებს დავალიანება გაუნულდებათ - ღარიბაშვილი

პუბლიკა

პრემიერ-მინისტრის განცხადებით, 30 ათასამდე სტატუსშეჩერებულ სტუდენტს 40 მილიონი ლარის დავალიანება გაუნულდებათ და, სურვილის შემთხვევაში, სტატუსის აღდგენა შეეძლებათ.

„მოვიკითხე ინფორმაცია და მინისტრისგან მოვისმინე დეტალურად, დაახლოებით 30 ათასამდე სტუდენტს ფინანსური დავალიანების გამო შეჩერებული აქვს სტატუსი. ჩემი გადაწყვეტილებით, ყველა ამ სტუდენტს, ვისაც შეჩერებული აქვს სტატუსი ფინანსური დავალიანების გამო, გაუნულდება დავალიანება. მათ შეეძლებათ, სურვილის შემთხვევაში, აღიდგინონ სტატუსი. ეს არის, დაახლოებით, 40 მილიონი ლარის დავალიანება“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.

განათლების სამინისტროს ინფორმაციით, ეს შეეხება საჯარო და კერძო უნივერსიტეტების საქართველოს მოქალაქე სტუდენტებს.

„პრემიერ-მინისტრის დავალებით, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო და ფინანსთა სამინისტრო დაიწყებენ აქტიურ მუშაობას უნივერსიტეტებთან. იმ უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებებისთვის, რომლებიც სურვილს გამოთქვამენ და შეუერთდებიან სტუდენტებისთვის ამ უმნიშვნელოვანეს გადაწყვეტილებას. სამინისტროები შეიმუშვებენ საჭირო რეგულაციებს, რათა შეიქმნას შესაბამისი პირობები სტუდენტებისთვის დაგროვებული დავალიანების გასანულებლად.

მოგეხსენებათ, წლების განმავლობაში სტუდენტებისთვის სწავლის გადასახადის დაფარვა პრობლემას წარმოადგენდა – ხშირად ფინანსური დავალიანების გამო სტუდენტები იჩერებდნენ სტატუსს. დღეის მდგომარეობით, საჯარო და კერძო უნივერსიტეტებში ასეთი დაახლოებით 30 000-მდე საქართველოს მოქალაქე სტუდენტია, რომელთაც ახალი გადაწყვეტილების შედეგად, სურვილის შემთხვევაში, სტატუსის აღდგენისა და სწავლის გაგრძელების შესაძლებლობა მიეცემათ“, – აღნიშნულია სამინისტროს განცხადებაში.