ჩვენ ვართ გუნდი, ვინც დაასრულა თბილისში ქაოტური განაშენიანება - კალაძე

პუბლიკა

თბილისის მოქმედმა მერმა და „ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატმა, კახა კალაძემ თბილისის მართვისა და ეკონომიკის პოლიტიკის პრეზენტაციაზე განაცხადა, რომ „ოცნების“ გუნდმა „სამუდამოდ დაასრულა ამ ქალაქში ქაოტური განაშენიანება“.

„მწვანე და სპორტული სივრცეების ხარჯზე ნამდვილად მიმდინარეობდა გარკვეული მშენებლობები, კორპუსების ჩადგმა – ეს მავნე პრაქტიკა.

ჩვენ ვართ ის ადამიანები, ჩვენ ვართ ის გუნდი, ვინც ერთხელ და სამუდამოდ დაასრულა ამ ქალაქში ქაოტური განაშენიანება. ჩვენ ვართ ის გუნდი, ვინც ერთხელ და სამუდამოდ წერტილი დაუსვა რეკრეაციული სივრცეების ხარჯზე კორპუსებისა და სხვადასხვა მშენებლობის განხორციელებას. და აი, შედეგიც სახეზეა“, – ამბობს კალაძე.

როგორც ის აღნიშნავს, დედაქალაქს უზარმაზარი შესაძლებლობები აქვს და 4 წლის შემდეგ თბილისი იქნება ყველაზე ლამაზი ქალაქი ევროპაში.

„…უზარმაზარი შესაძლებლობები აქვს დედაქალაქს და გპირდებით, რომ 4 წლის შემდეგ ჩვენი ქალაქი იქნება ყველაზე მწვანე, მოწესრიგებული და ლამაზი ქალაქი ევროპაში“, – აღნიშნა მერობის „ოცნების“ კანდიდატმა.