დავაყენებთ პენიტენციური სამსახურის დირექტორის პასუხისმგებლობის საკითხს - ომბუდსმენი

პუბლიკა

სახალხო დამცველის აპარატი 2020 წლის 21 იანვარს საქართველოს პარლამენტში, ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის სხდომაზე იუსტიციის მინისტრის მიერ ვიდეო ჩანაწერების გასაჯაროების შესახებ განცხადებას ავრცელებს.  2020 წლის 22 იანვარს სახალხო დამცველმა მიმართა სახელმწიფო ინსპექტორს და მოითხოვა, რომ შეესწავლა მომხდარი.

სახელმწიფო ინსპექტორმა N1/100/2020 გადაწყვეტილებით, ვიდეო ჩანაწერების გასაჯაროების ნაწილში, სამართალდამრღვევად ცნო როგორც იუსტიციის სამინისტრო, ისე სპეციალური პენიტენციური სამსახური და „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის დარღვევისთვის ორივე უწყება დააჯარიმა.

ომბუდსმენის მიერ გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნულია, რომ სახელმწიფო ინსპექტორის გადაწყვეტილების თაობაზე იუსტიციის სამინისტროსა და სპეციალური პენიტენციური სამსახურის ოფიციალურ ვებ-გვერდებზე არასწორი და შეცდომაში შემყვანი ინტერპრეტაციაა წარმოდგენილი.

გარდა ზემოაღნიშნულისა, ომბუდსმენი წერს, რომ სახელმწიფო ინსპექტორის გადაწყვეტილებიდან სახალხო დამცველის აპარატისთვის ცნობილი გახდა „არანაკლებ საგანგაშო ახალი გარემოებების შესახებ ინფორმაცია”.

„კერძოდ, გადაწყვეტილებით ირკვევა, რომ 2019 წლის 19 აპრილს სახალხო დამცველის რწმუნებულისა და N6 პენიტენციურ დაწესებულებაში განთავსებული პატიმრის შეხვედრის ვიდეო ჩანაწერის დაარქივების (შენახვის) გადაწყვეტილება სპეციალური პენიტენციური სამსახურის გენერალურმა დირექტორმა 2019 წლის 18 აპრილს, დაწესებულებაში ჩვენი თანამშრომლის ვიზიტის წინა დღეს მიიღო. უნდა აღინიშნოს, რომ კონკრეტული პატიმრის განცხადება შეხვედრის თხოვნასთან დაკავშირებით სახალხო დამცველის აპარატში 2019 წლის 11 აპრილს შემოვიდა. დაგეგმილი ვიზიტის თარიღის შესახებ ინფორმაცია კი აპარატის მხოლოდ რამდენიმე თანამშრომელს ჰქონდა. შესაბამისად, კითხვის ნიშნებს აჩენს სპეციალური პენიტენციური სამსახურის გენერალური დირექტორის 2019 წლის 18 აპრილის გადაწყვეტილება, რომელიც მან, სწორედ, დაგეგმილი ვიზიტის წინა დღეს გამოსცა და რომლის შესახებაც მას არანაირი კანონიერი გზით არ უნდა ჰქონოდა ინფორმაცია”, – წერს ომბუდსენი.

ომბუდსმენი აღნიშნავს, რომ სპეციალური პენიტენციური სამსახურის გენერალურმა დირექტორმა გადაწყვეტილებაში მიუთითა, რომ არსებობდა ვარაუდი, რომ კონკრეტულ პატიმარს სახალხო დამცველის რწმუნებულის მეშვეობით, სხვა პირებისთვის გადაცემის მიზნით, შესაძლოა მოეხდინა N6 დაწესებულებიდან ინფორმაციის წერილობითი გატანა. აქვე მითითებულია, რომ „აღნიშნული ვარაუდი ამ კონკრეტული შეხვედრის ფარგლებში არ გამოიკვეთა, თუმცა, ამ დრომდე არ მომხდარა ვიდეოჩანაწერის წაშლა და ის დღემდე ინახება სპეციალური პენიტენციური სამსახურის საამისოდ დაცულ ბაზაში, რადგან, სამომავლოდ შესაძლოა ჰქონდეს მსჯავრდებულის მიერ მითითებული ქმედების ჩადენის მცდელობას და გამოიკვეთოს ჩანაწერზე ასახული გარემოებების დადარების აუცილებლობა”…

სპეციალური პენიტენციური სამსახურის გენერალური დირექტორის ამ ქმედებამ კი გააჩინა განცდა, რომ ამ ერთი ფაქტის მიღმაც, სპეციალური პენიტენციური სამსახური უთვალთვალებს სახალხო დამცველის რწმუნებულებს, ახდენს მათი და პატიმრების შეხვედრების ვიდეო ჩაწერას და ჩანაწერების განუსაზღვრელი ვადით შენახვას მაშინ, როცა არანაირ კანონდარღვევას ადგილი არ აქვს“,- ნათქვმია გავრცელებულ განხცადებაში. 

ინსპექტორის მიერ ჩატარებული შემოწმებით დადასტურებული ფაქტი, რომ იუსტიციის სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება – სპეციალური პენიტენციური სამსახური ახორციელებს სახალხო დამცველის რწმუნებულებისა და პატიმრების შეხვედრების მეთვალყურეობას, კონტროლს, ჩაწერას, არღვევს როგორც შიდა ეროვნულ კანონმდებლობას, ისე საერთაშორისო ნაკისრ ვალდებულებებს

ამასთან, სახალხო დამცველი დააყენებს სპეციალური პენიტენციური სამსახურის მხრიდან სახალხო დამცველის აპარატის მანდატის ერთ-ერთი ძირითადი პრინციპის – პატიმრებთან შეხვედრის კონფიდენციალურობის უხეშად დარღვევის გამო სპეციალური პენიტენციური სამსახურის გენერალური დირექტორის პასუხისმგებლობის საკითხს კორონავირუსით გამოწვეული კრიზისული პერიოდის ჩავლის შემდეგ“, – წერია გავრცელებულ განცხადებაში.


სახელმწიფო ინსპექტორმა დაადგინა, რომ სამინისტროს ჰქონდა ამ ჩანაწერების შენახვის უფლებამოსილება, – საუბარია იუსტიიციის მინისტრის მიერ პარლამენტში ციხის კამერების ჩანაწერებზე და კომიტეტის სხდომაზე მის ჩვენებაზე.

შეგახსენებთ, რომ 21 იანვარს იუსტიციის მინისტრმა, თეა წულუკიანმა ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის სხდომაზე პენიტენციურ დაწესებულებებზე ომბუდსმენის სპეციალური ანგარიშის განხილვისას ციხიდან ვიდეოსამეთვალყურეო კამერის ჩანაწერი წარადგინა და ომბუდსმენის წარმომადგენლის ჩაცმულობა და ქცევა გააკრიტიკა.

განცხადება სრულად წაიკითხეთ აქ: