დავეხმარები საქართველოს უფსკრულის სწრაფად გადალახვაში - არახამია ევროინტეგრაციაზე

პუბლიკა

უკრაინის მმართველი პარტიის ფრაქციის ლიდერი, დავით არახამია facebook-პოსტში კიევში ევროკომისიის პრეზიდენტის, ურსულა ფონ დერ ლაიენის ვიზიტზე წერს.

არახამია ამბობს, რომ იღებენ ბევრ კანონს, იშორებენ ოლიგარქების გავლენას და  აუმჯობესებენ სასამართლო სისტემას, შედეგად კი ყველა ევროპელი დიპლომატი, „ერთხმად აღნიშნავს ამ ცვლილებების სწრაფ პროგრესს და უჩვეულო ტემპს.“

არახამიას თქმით, საქართველოშიც ხალხს სურს ევროპა. ასევე არის საშინაო დავალებები და კონკრეტული გზა, თუ როგორ უნდა მივიდეთ იქამდე.

„ძნელი იქნება მიზნის მიღწევა,როცა ქვეყანაში მთელი ძალაუფლება ერთ ოლიგარქზეა დამოკიდებული, როცა პოლიტპატიმრები არიან, როცა ჟურნალისტები ციხეში არიან. მაგრამ, მიუხედავად ყველა ამ პრობლემისა, ქართველი ხალხი ადრე თუ გვიან გადაჭრის ამ პრობლემას. უკრაინა წინ წავიდა ამ პროცესში და დღეს ჩემს პრეზიდენტთან ერთად გპირდებით, რომ დავეხმარები ჩემს მშობლიურ საქართველოს ამ უფსკრულის შეძლებისდაგვარად სწრაფად გადალახვაში“, – წერს არახამია.

8 მაისს დავით არახამიამ „მთავარ არხთან“ ინტერვიუში სანქციებსა და დიპლომატიური ურთიერთობის კრიზისზე ისაუბრა. 

არახამიამ განაცხადა, რომ სანქციების ყურადღების ცენტრში ამ ეტაპზე ივანიშვილის გარემოცვის მხოლოდ 6 წევრი მოხვდა.

„ჩვენ გვაქვს ძალიან სწრაფი სისტემა სანქციების ამოქმედების, მაგრამ ვიმეორებ, საქართველო მეგობარია და ჯერ გაფრთხილებით შემოვიფარგლებით. გამოვაქვეყნეთ ვებგვერდზე, მაგრამ ისინი არ რეაგირებენ, გამოვიყენებ თქვენ მიერ მოცემულ შესაძლებლობას და კიდევ ერთხელ მივმართავ მათ: ბიჭებო, თქვენ დაკვირვების ქვეშ ხართ და თუ არ შეცვლით ტაქტიკას, დასანქცირდებით“, – განაცხადა დავით არახამიამ.

არახამიამ ინტერვიუში მიხეილ სააკაშვილსა და ნიკა გვარამიას შესახებაც ისაუბრა. მისი თქმით, ამ ორი პოლიტპატიმრის გათავისუფლების გარეშე კიევში არათუ დასავლეთთან ურთიერთობის დარეგულირება, უკრაინასთან დიპლომატიური კრიზისის დასრულება და თბილისში ელჩის გამოგზავნაც კი შეუძლებლად მიაჩნიათ.

ჟურნალისტის შეკითხვაზე, რა ნაბიჯი უნდა გადადგას ოფიციალურმა თბილისმა იმისთვის, რომ უკრაინამ საქართველოში ელჩი დანიშნოს, არახამიამ უპასუხა:

„პირველი ნაბიჯი იქნება ნიკა გვარამიას გათავისუფლება. ის პოლიტიკოსი არაა, ის ჟურნალისტია. თუკი მას ციხიდან გამოუშვებენ, მე ვიქნები პირველი, ვინც წავა პრეზიდენტთან და სთხოვს, რომ ელჩი გაუშვან თბილისში”, – განაცხადა არახამიამ.

მან ინტერვიუში ასევე განაცხადა, რომ საქართველოში ჩამოსვლას გეგმავდა მომღერალ ვახტანგ კიკაბიძის დაკრძალვაზე, თუმცა, როგორც თავად განმარტავს, „ამერიკელებმა გააფრთხილეს”, რომ არ ჩამოსულიყო. მისივე თქმით, ამის მიზეზი არ უთქვამთ, თუმცა თავად ვარაუდობს, რომ საზღვარზე შემოშვებასთან დაკავშირებით პრობლემები შეექმნებოდა:

„ალბათ, საზღვრის კვეთისას უნდა შექმნილიყო პრობლემები. იქნებოდა დიდი სკანდალი და ამერიკელებმა მთხოვეს თავის შეკავება. ისე აუცილებლად ჩამოვიდოდი”, – განაცხადა არახამიამ.

მომდევნო დღეს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას არახამიას არარაობა უწოდა, რომლის ნათქვამზეც სერიოზულ კომენტარს არ გააკეთებს. მან ასევე მოუწოდა არახამიას, „თავის თავს მიხედოს.“

„ფაქტია, რომ საზოგადოებამ ამ კოორდინაციაში ძალიან ბევრი ფაქი ნახა, შეთანხმებული მოქმედებების. რა თქმა უნდა, ძალიან სამწუხაროა, რომ ბატონი არახამია პირდაპირაა ჩართული ჩვენი ქვენის შიდა საქმეებში. მას არავინ არ ეკითხება, აქ ჩვენი ხალხი და მთავრობა როგორ მოვაწყობთ ჩვენს საქმეს და ჩვენს პოლიტიკას. ბატონმა არახამიამ მიხედოს თავის თავს. უკრაინას ვუსურვებ  ტერიტორიების დაბრუნებას, მშვიდობას და ამ ომის მალე დასრულებას“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.