დავიცავთ ბოლომდე ყველა მიღებულ ხმას, არამხოლოდ „ლელოს“, არამედ ოპოზიციურ ხმებს - ნაცვლიშვილი

პუბლიკა

2 ოქტომბრის თვითმმართველობის არჩევნების წინასწარი შედეგების გამოქვეყნების პარალელურად პარტია „ლელოში“ პირველი ბრიფინგი გაიმართა.

პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა, ანა ნაცვლიშვილმა განაცხადა, რომ საარჩევნო პროცესი გაყალბების, ზეწოლის, დაშინების, წნეხის, მუქარის, საარჩევნო მანიპულაციების ფონზე ჩატარდა. მისი თქმით, ამის მიუხედავად, „ოცნებამ“ გამარჯვება ვერ მოახერხა.

ანა ნაცვლიშვილის თქმით, სერიოზულ დარღვევებს ადგილი ახლაც აქვს.

„ბათუმში ძალიან უცნაურად შეიცვალა თანაფარდობა მიღებულ ხმებში იმ ოლქში, სადაც შეთანხმებული კანდიდატი, „ლელოს“ წევრი, გენო თებიძე ლიდერობდა. მინდა, მოვუწოდო კომისიებს, არ ჩაიდინონ უკანონობა. ეს ყველაფერი მარტივად დადასტურდება. ველოდებით იქ მეორე ტურს. დაწერილ გვაქვს საჩივრები, ვითხოვთ გადათვლას.

ოქმების ხელით გადაწერის კასკადი არის თიანეთში. აქაც მინდა მოვუწოდო საოლქო კომისიას, ნუ ჩაიდენს არჩევნების გაყალბების დანაშაულს. დავიცავთ ბოლომდე ყველა მიღებულ ხმას, არამხოლოდ „ლელოსას“, ასევე ოპოზიციურს.

გუშინ ფიზიკური ძალადობის გარეშე არ ჩაუვლია არჩევნებს. რაშიდ მუსაევი, ჩვენი წარმომადგენელი არის ნაცემი და არის სერიოზულად ნაცემი, ის ჩვენი გარდაბნის მუნიციპალიტეტის მაჟორიტარობის კანდიდატია და გამოვხატავ ფიზიკური ძალადობის სრულ მიუღებლობას და მოვითხოვთ რეაგირებას.

მთელი დღის განმავლობაში გვქონდა არაერთი მიმართვა და გამოძახება შსს-სა, აშკარად თქვენც აფიქსირებდით არაერთი უბნის მიმდებარედ კოორდინატორების, აქტივისტებისა და კრიმინალური სუბკულტურის მობილიზებას 100-მეტრიანი რადიუსის დარღვევით. ამაზე პოლიცია ეფექტურად არ რეაგირებდა. გაასაჯაროვოს შსს-მ სამართლადარღვევების ოქმები.

ასევე, მინდა, გამოვეხმაურო უპრეცედენტო მოქმედებას ცესკოს მხრიდან, ახლაც გრძელდება პროცესი, რომელიც გუშინ ღამით დაიწყეს. ხელოვნურად ფერხდებოდა ოქმების ცესკომდე მიტანა და შემდეგ ცესკო აფერხებდა ოქმების გამოქვეყნებას, რაც ეწინააღმდეგება კანონმდებლობას. ამან მეტი კითხვის ნიშანი გააჩინა და ეს არის ცესკოს პასუხისმგებლობა.

საეჭვოდ ძალიან, სწორედ მაშინ, როცა ცესკოს ქსეროქსის აპარატებს უნდა ემუშავა, უბნებზე აღმოჩნდა, რომ ქსეროქსი აღარ მუშაობდა 10-ობით უბანზე. ეს იყო კრიტიკული, როცა ოქმების ასლები უნდა მიიღონ, სწორედ მაშინ აღარ მუშაობდა აპარატი“, – განაცხადა ნაცვლიშვილმა.