დავიცავთ საოკუპაციო ხაზის ორივე მხარეს მცხოვრები ჩვენი მოქალაქეების ჯანმრთელობას - გახარია

პუბლიკა

პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია მინისტრთა კაბინეტის წევრებთან ერთად რუხში იმყოფებოდა, სადაც მრავალპროფილური კლინიკის აღჭურვის პროცესს გაეცნო.

კლინიკას, რომელიც ერთდროულად 100 პაციენტს მოემსახურება, ხელოვნური სუნქვის აპარატები გადაეცა. რუხის მრავალპროფილური სამედიცინო დაწესებულება, ზუგდიდის რეფერალურ საავადმყოფოსთან ერთად, კორონავირუსის შემთხვევების სამკურნალოდ მომზადდა. რეგიონში ასევე იმოქმედებს საკარანტინო ზონები.

პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ მნიშვნელოვანია, გამოცხადდეს მედიკოსებისა და მოქალაქეების მობილიზება, კორონავირუსის გავრცელების დროული პრევენციისთვის.

ყველას გვესმის, რომ ამ საავადმყოფოს აქვს სხვა ძალიან სერიოზული დატვირთვაც. მოგეხსენებათ, დიდი რაოდენობით ხალხი გადმოდის საოკუპაციო  ხაზისმიმა ტერიტორიებიდან და, რა თქმა უნდა, ჩვენ საოკუპაციო ხაზის ორივე მხარეს თითოეულ მოქალაქეს მივეხმარებით. აქ იქნება ჩვეულებრივი რეჟიმი. ყველა ადამიანი, რომელიც საოკუპაციო ხაზს გადმოკვეთს და დასჭირდება სამედიცინო დახმარება, ის ამ დახმარებას მიიღებს. ვისაც სჭირდება საკარანტინო ზონა, საკარანტინო ზონას მიიღებს. ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რომ დავიცვათ ჩვენი მოქალაქეების ჯანმრთელბა საოკუპაციო ხაზის ორივე მხარეს. ეს კრიტიკულად მიშვნელოვანია და ეს არის ამ მძლავრი სამედიცინო ცენტრის ამოქმედების ძირითადი ფუნქცია და მისია“, – აღნიშნა პრემიერმა.

პაციენტების ოჯახის წევრებისთვის რუხის საავადმყოფოსთან გათვალისწინებულია 100-ადგილიანი საერთო საცხოვრებელი, რომლის ტერიტორიაზეც ავტოსადგომები და შიდა გზები უკვე მოწყობილია.

მთავრობის პრესსამსახურის ცნობით, მომავალში კლინიკა საუნივერსიტეტო ფუნქციის შესრულებასაც შეძლებს. ადგილზე არსებობს აუდიტორიების, ბიბლიოთეკისა და სპორტულ-გამაჯანსაღებელი ინფრასტრუქტურისთვის საჭირო სივრცე. რუხის მრავალპროფილური სამედიცინო კლინიკის პროექტი სახელმწიფო ბიუჯეტიდან 41 მლნ ლარით დაფინანსდა.