საზოგადოებრივი მაუწყებლის მცველებმა დღეს პირველ არხთან გამართულ აქციაზე პოლიტპატიმარ კოლეგას, მზია ამაღლობელს სოლიდარობა გამოუცხადეს, შეაფასეს საზოგადოებრივი მაუწყებლის დუმილი დაპატიმრებული ჟურნალისტის საქმეზე და მოუწოდეს მათ, ერთად დაიცვან მზია ამაღლობელის სამართლიანი სასამართლოს უფლება. გთავაზოვთ განცხადებას სრულად:
„დღეს უკვე მე-18 დღეა, რაც ჩვენი კოლეგა, ჟურნალისტი, „ბათუმელებისა” და „ნეტგაზეთის” დამფუძნებელი მზია ამაღლობელი შიმშილობს.
ჩვენ, კიდევ ერთხელ, მკაფიოდ და ხმამაღლა გვინდა გამოვთქვათ მის მიმართ სოლიდარობა, რომელიც ვიცით, რომ არ კმარა.
ჩვენ, საზოგადოებრივი მაუწყებლის თანამშრომლები, რომლებიც გავერთიანდით ამ ინსტიტუციის დასაცავად, მივიჩნევთ, რომ საზოგადოებრივმა მაუწყებელმა, პირველ რიგში სრულფასოვნად, ჯეროვანი ემპათიით და ყურადღებით უნდა გააშუქოს მზია ამაღლობელის ხილულად ძალადობრივი დაპატიმრების საქმე.
მიგვაჩნია, რომ საზოგადოებრივმა მაუწყებელმა, როგორც საჯარო ინტერესის მედიაინსტიტუციამ უნდა აღიაროს, რომ მზია ამაღლობელის დაპატიმრება, მისი სამართლებრივად დაუსაბუთებელი და არაპროპორციული დასჯა საგანგაშოდ ცვლის მედიაგარემოს ქვეყანაში.
სწორედ იმ მედიაგარემოს, რომლის გაუმჯობესებაზე ყველაზე მეტად საზოგადოებრივი მაუწყებელია პასუხისმგებელი.
რაც ღიად აქვს გაცხადებული საკუთარ სტრატეგიაში.
ციტატა სტრატეგიიდან: „საზოგადოებრივი მაუწყებელი პოზიციონირებს, როგორც მაღალი პასუხისმგებლობის მქონე ორგანიზაცია. ჩვენ ვმუშაობთ, რომ დავამკვიდროთ პასუხისმგებლობის პრინციპები სარედაქციო-შემოქმედებითი მიმართულებით და გავლენა მოვახდინოთ ინდუსტრიაში ეკოლოგიური მედიაგარემოს გაუმჯობესებაზე”.
საზოგადოებრივი მაუწყებლის მენეჯმენტი ახლა პროაქტიულად უნდა ადვოკატირებდეს, რომ მზია ამაღლობელისთვის არ დაირღვეს სამართლიანი სასამართლოს უფლება.
მეტიც, საზოგადოებრივი მაუწყებელი უნდა მოუწოდებდეს როგორც ჯანდაცვის სამინისტროს, ისე სახალხო დამცველს, სასწრაფოდ შეიქმნას მაღალი კვალიფიკაციის ექიმებისგან დაკომპლექტებული კომისიები, რომლებიც ყოველდღიურად მიაწოდებენ საზოგადოებას და მედიას ინფორმაციას მზია ამაღლობელის და მასთან ერთად სხვა მოშიმშილეთა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ.
საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერები უნდა ეთმობოდეს სიღრმისეულ დისკუსიებს, სადაც დამოუკიდებელი ჟურნალისტები და მედიაპორფესიონალები ღიად ილაპარაკებენ იმ წნეხზე, თავდასხმებსა და ტერორზე, რომლის სამიზნეებადაც ისინი ე.წ. რუსულმა კანონმა აქცია.
უცხოური გავლენის გამჭვირვალობის კანონმა, რომელიც დამოუკიდებელ მედიას უცხოური გავლენის გამტარად დარეგისტრირებას სთხოვს, კრიტიკული და მიუკერძოებელი ჟურნალისტები იძულებით ჩააბა პროტესტის ფერხულში.
ისევე, როგორც მზია ამაღლობელი.
ამიტომაც არ უნდა გაგვიჭირდეს იმის აღიარება, რომ მზია ამაღლობელის განსასჯელის სკამზე ყურება, ჩვენთვის საკუთარი მომავლისთვის თვალის გასწორებას ჰგავს, მზიას სახით დღეს იქ სწორედ დამოუკიდებელი მედია ზის განსასჯელის სკამზე.
ნაცვლად ამისა, საქართველოს პირველმა არხმა დღემდე ვერ, ან არ მოახერხა, საეთერო დროის დათმობა ჟურნალისტებისთვის და მედიაპროფესიონალებისთვის. მათთვის, ვინც დღეს მზიას თავისუფლებისთვის დაუღალავად იბრძვის.
საზოგადოებრივი მაუწყებელი დღემდე არ რეაგირებს იმ ფაქტზე, რომ მზია ამაღლობელის სარჩელი განსახილველადაც არ მიიღო სააპელაციო სასამართლომ.
საზოგადოებრივი მაუწყებელი, რომელიც განცხადებით გამოხატავს შეშფოთებას, როდესაც საკუთარი თანამშრომლების მიმართ ბულინგად აღიქვამს ლეგიტიმურ მოთხოვნას, რომ გაიხსნას პირდაპირი ეთერი, განცხადებითაც არ ეხმაურება მზია ამაღლობელისთვის სამართლიანი სასამართლოს უფლების ხელყოფას.
ჩვენ, საზმაუს მცველებს, გვჯერა, რომ გამოვხატავთ საზოგადოებრივი მაუწყებლის თანამშრომელთა დიდი ნაწილის სოლიდარობას მზია ამაღლობელის მიმართ.
საზოგადოებრივი მაუწყებელი დღეს პოზიციონირებს როგორც ყველაზე ევროპული ინსტიტუცია საქართველოში, რადგან ის უკვე არის ევროპელ მაუწყებელთა კავშირის წევრი და საკუთარ სტრატეგიაში ციტირებს ევროპულ მაუწყებელთა კავშირის გზავნილებს ბრიუსელში, ევროპარლამენტის შეხვედრიდან;
„ევროპამ უნდა დაიცვას თავისი თავისუფალი მედია, თუ მას სურს, რომ დაიცვას დემოკრატია”.
ამიტომაც, ჩვენ, როგორც ასეთი ინსტიტუციის წარმომადგენლები, ვითხოვთ და მოვუწოდებთ, საზოგადოებრივი მაუწყებლის მენეჯმენტს, დავიცვათ თავისუფალი მედია საკუთარ ქვეყანაში, რომ დავიცვათ დემოკრატია საქართველოში.
მაშასადამე, დავიცვათ მზია ამაღლობელის სამართლიანი სასამართლოს უფლება.
სოლიდარობა და თავისუფლება მზია ამაღლობელს!”, – ნათქვამია განცხადებაში.
საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის მცველები ამ ორგანიზაციის პროფესიონალთა გაერთიანებაა, რომელიც მტკიცედ დგას საზოგადოებრივი მაუწყებლის პრინციპების დასაცავად.