„უფრო ნაკლებს ველოდი ამ შეხვედრისგან, ვიდრე ვნახე. დავინახე, რომ პირადად ბატონი შარლ მიშელი აპირებს, ჩაერთოს ამ პროცესში, თუ მზაობა იქნება ჩვენი მხრიდან და ეს ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ევროკავშირის უმაღლეს დონეზე აიწევს იმ პოლიტიკური კრიზისის საკითხი რაც საქართველოში არის“, – ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ ევროპული საბჭოს პრეზიდენტთან, შარლ მიშელთან ოპოზიციის შეხვედრის შემდეგ განაცხადა.
მისივე თქმით, მეორე ძალიან მნიშვნელოვანი განაცხადი არის – ფასილიტაციიდან მედიაციისკენ, რაც ნიშნავს, რომ შეთანმების ალტერნატიულ წინადადებებს თვითონაც წარმოადგენს ევროკავშირი, იმისთვის, რომ მის ასოცირებულ წევრ ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი მოგვარდეს.
„მესამე – მე დავინახე, რომ პოლიტიკური პატიმრების საკითხი ერთხელ და სამუდამოდ უნდა დაიხუროს ამ ქვეყანაში და ეს არის განცდა ევროკავშირის მხრიდან და არ არის ნორმალური, როცა ასეთი რამ ხდება ქვეყანაში და დიდი მადლობა მათ ამ პოზიციისთვის.
მეოთხე – მე ორი დღის წინ ვთქვი, რომ რამდენიმე კვირის მანძილზე ველოდები, რომ შეთანხმება იქნება, მე კვლავ ამ შეხვედრის მერე უფრო მეტად ვფიქრობ, რომ ასეთი შეთანხმება იქნება მარტის თვის ბოლომდე. რაღაც შეთანმებამდე უნდა მივიდეთ, იმ საკითხებთან დაკავშირებით რომლებზეც ჩვენ ვმსჯელობთ, იქნება ეს პოლიტიკური პატიმრების თუ არჩევნების საკითხი, ამ თემებთან დაკავშირებით გარკვეული შეთანხმებები უნდა შედგეს“, – განაცხადა ვაშაძემ.
ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი თბილისში გუშინ, 28 თებერვალს ჩამოფრინდა. ის უკვე შეხვდა პრეზიდენტ ზურაბიშვილს და პრემიერ-მინისტრს. ასევე იმყოფებოდა საოკუპაციო ხაზთან.