დავით აღმაშენებლის მოღვაწეობის შესახებ მხატვრული სრულმეტრაჟიანი ფილმის გადაღებისთვის რეჟისორ ლევან კოღუაშვილის პროექტი შეირჩა. სამინისტრომ დიდგორის ბრძოლაში გამარჯვების 900 წლისთავთან დაკავშირებით კონკურსი 2021 წლის 12 აგვისტოს გამოაცხადა.
როგორც სამინისტროს განცხადებაშია აღნიშნული, შერჩეული პროექტის ავტორმა და შემოქმედებითმა ჯგუფმა დამატებითი სამუშაო უნდა გასწიონ საკონკურსო კომისიის რეკომენდაციების შესაბამისად, რათა არჩევანი საბოლოოდ მათზე შეჩერდეს.
ეს პროექტია: „დავით აღმაშენებელი“ (სამეფო გზა), განმახორციელებელი – შპს „კინო იბერიკა“. რეჟისორი და სცენარის ავტორია ლევან კოღუაშვილი, ხოლო სცენარის თანაავტორია ბორის ფრუმინი. პროექტში ჩართულნი არიან კონსულტანტები, ისტორიკოსები ზაზა აბაშიძე, მამუკა წურწუმია და ეკა კვაჭანტირაძე, ფოტოგრაფები – გიორგი მაღრაძე და დიმიტრი გომბერგი, მხატვრების ჯგუფი: დამდგმელი მხატვარი – კოტე ჯაფარიძე, კოსტიუმები – ნინო ჩუბინიშვილი, რეკვიზიტი – ვალო იმერლიშვილი, კინოოპერატორი – ფედონ პაპამიქაელი.
საკონკურსო კომისიის წევრები, რომელთაც კონკურსის სხვადასხვა ეტაპზე პროექტები შეაფასეს და გადაწყვეტილება მიიღეს, არიან: კომისიის თავმჯდომარე – კინორეჟისორი მერაბ კოკოჩაშვილი; მწერალი და დრამატურგი ლაშა (ირაკლი) სამსონაძე; ისტორიკოსი დიმიტრი შველიძე; რეჟისორი ალექსანდრე ქანთარია; მწერალი კონსტანტინე ჯანდიერი; კინორეჟისორი რუსუდან გლურჯიძე; ისტორიკოსი ჯაბა სამუშია.
სამ კონკურსანტს შორის შერჩეული პროექტის ავტორი, კონკურსის დებულების შესაბამისად, აგრძელებს მუშაობას სცენარის დახვეწაზე. შემდეგი ეტაპისათვის, რეჟისორმა ლევან კოღუაშვილმა უნდა გაითვალისწინოს საკონკურსო კომისიის რეკომენდაციები:
ა) სცენარის შემდგომი განვითარება გაგრძელდეს დრამატურგების ჩართულობითა და მეცნიერთა კონსულტაციით, რათა დაცულ იქნეს ისტორიული ჩარჩო, ხოლო პერსონაჟების ისტორიულ-ფსიქოლოგიური ტიპაჟები იყოს რეალურობასთან მაქსიმალურად მიახლოებული;
ბ) დავით აღმაშენებლის პიროვნების უფრო ფართოდ გაშლა და მისი ეპოქის გეოპოლიტიკური, რეგიონალური კონტექსტის მეტად წინ წამოწევა.
კონკურსის მე-3 ეტაპზე, სამი თვის ვადაში, შერჩეული პროექტის ავტორმა სამინისტროს უნდა წარმოუდგინოს სრულყოფილი სცენარის პირველადი ვერსია (რისთვისაც იგი ფინანსდება 7500 აშშ დოლარის ეკვივალენტი თანხის ოდენობით ეროვნულ ვალუტაში), რომელსაც კვლავ განიხილავს საკონკურსო კომისია.
კომისიის მსჯელობის შემდეგ, მის მიერ გამოთქმული მოსაზრებების მიხედვით, კონკურსანტს მიეცემა ერთთვიანი ვადა მე-4 ეტაპის სამუშაოებისათვის, რომლის ფარგლებში მოხდება სცენარის დასრულება.
სცენარის საბოლოო ვერსიის წარმატებით ჩაბარების შემთხვევაში, გამარჯვებულ კონკურსანტთან გაფორმდება ხელშეკრულება ფილმის წარმოებაში ჩაშვების დეტალებისა და ვადების შესახებ.