9 მარტს პროტესტის აქტიური მონაწილე დავით ჩხეიძე პოლიციამ თაბუკაშვილის განყოფილებაში ნარკოტესტირების საბაბით გადაიყვანა, რამდენიმე ხანში კი მან განყოფილება დატოვა.
ამ მოვლენებს წინ უსწრებდა პროტესტის კიდევ ერთი მონაწილის, პაატა ალავერდაშვილის დაკავება. განყოფილებიდან გამოსვლის შემდეგ დავით ჩხეიძე მომხდარს იხსენებს:
„აქციაზე ვიყავი, მომაკითხა მეუღლემ და ბავშვებმა. სახლში უნდა წავსულიყავით. პაატა ალავერდაშვილი ფეხით უნდა წასულიყო, ვიფიქრე, გავიყოლებ-მეთქი. რომ ჩავისვი მანქანაში, გამოგვედევნა პატრული, რამდენიმე ეკიპაჟი. გადაგვაყენეს, ჯერ შემამოწმეს ალკოტესტზე – ალკოტესტი არ დადასტურდა.
ამ დროს მოვიდა რამდენიმე თანამშრომელი და პაატას უთხრა, რომ გადმოსულიყო. გადაიყვანეს, იქვე დააკავეს – შეურაცხყოფა მოგვაყენაო. ჩემი თანდასწრებით, ასეთი არაფერი ყოფილა.
მერე წავიდა და მოვიდა ისევ პოლიციელი და მითხრეს, რომ ნარკოტესტზე უნდა შევემოწმებინე, მოიტანეს, შემამოწმეს, დიდხანს არ დაბრუნდნენ, შემდეგ მობრუნდნენ და მითხრეს, რომ ვარ დადებითი. მერე გადმომიყვანეს აქ, შემამოწმეს დეტალურად, მაგრამ არ დადასტურდა ამ ეტაპზე. იმ ანალიზებით, რაც ჩავაბარე არ დადასტურდა… დამატებით გადააგზავნეს კიდევ ნერწყვი საკვლევად, სხვა ბიოლოგიური მასალაც. წესით, არ უნდა დადასტურდეს, მე არასდროს მომიხმარია ნარკოტიკი”, – განაცხადა მან „პუბლიკასთან” საუბრისას.
ადვოკატ ლევან გიორგაძის განმარტებით, განყოფილებაში ჩხეიძეს გაუკეთეს შარდის ნარკოტესტი, „აღმოჩნდა სუფთა”, რის საფუძველზეც გამოუშვეს.
„ველოდებით, რომ მოვა ექსპერტიზის პასუხი, რამდენიმე დღეში, თუ ისიც უარყოფითი იქნება, წარმოება შეწყდება. თუ დადებითი იქნება, რისი ალბათობაც ნულის ტოლია, სისლხისსამართლებრივი დევნის საფუძველი გახდება”, – განაცხადა ადვოკატმა.
რაც შეეხება პაატა ალავერდაშვილს, როგორც ოჯახს პოლიციიდან აცნობეს, ის ადმინისტრაციული წესითაა დაკავებული. დეტალურ ინფორმაციას „პუბლიკა” მოგვიანებით გაავრცელებს.