დავით ცინარიძე 30 000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს

პუბლიკა

საპატრულო პოლიციის ყოფილი უფროსი, დავით ცინარიძე 30 000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლდა – ამის შესახებ ინფორმაცია „პუბლიკას” თბილისის საქალაქო სასამართლოში დაუდასტურეს.

ცინარიძე მეუღლის მიმართ განხორციელებულ ძალადობასა და მუქარაშია ბრალდებული.

აღკვეთის ღონისძიების სახით მას პატიმრობა ჰქონდა შეფარდებული. დაცვის მხარემ 26 ივნისს გამართულ სხდომაზე აღკვეთის ღონისძიების შეცვლის შუამდგომლობა დააყენა, რაც სასამართლომ გაიზიარა.

„გამოძიებით დგინდება, რომ 2020 წლის 27 აპრილს, ღამის საათებში, ნასვამ მდგომარეობაში მყოფმა დ.ც.-მ მეუღლეს მ.ბ.-ს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა, შემდეგ კი ცეცხლსასროლი იარაღის  გამოყენებით სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა,  რა დროსაც  ცეცხლსასროლი იარაღიდან ერთჯერადად გაისროლა. სამართალდამცველებმა  დ.ც. შემთხვევის ადგილზე დააკავეს.”, – აცხადებდა პროკურატურა.