დავით გაბუნია საბავშვო ლიტერატურის შესახებ

რეკლამა

საბავშვო ლიტერატურის კონკურსის “ოქროს ბუმბულის” ფარგლებში, ქარჩხაძის გამომცემლობამ ხუთი შეკითხვით მიმართა ქართველ მწერლებს, რათა გამოეთქვათ საკუთარი აზრი საბავშვო ლიტერატურის შესახებ. ნახეთ, რას გვპასუხობს  დათო გაბუნია.

  1. რომელმა საბავშვო წიგნმა მოახდინა ყველაზე დიდი გავლენა თქვენზე?

როცა ადრეულ ბავშვობაზე ვფიქრობ, სულ საუფროსო წიგნები მახსენდება, მაგალითად, ჩემი ამოჩემებული დიკენსი, რომელსაც საბავშვოს ძნელად თუ დავარქმევთ. მაგრამ საბავშვოდ კლასიფიცირებული წიგნებიდან, ალბათ, პირველი “ტომ სოიერის თავგადასავალი” მახსენდება. შეიძლება არასწორად მახსოვს, მაგრამ, მგონი, სულ პირველი “დიდი” წიგნი იყო, რომელიც წავიკითხე.

  1. რა კრიტერიუმებით ფასდება საბავშვო ლიტერატურა და განსხვავდება თუ არა საუფროსო ლიტერატურის შეფასების კრიტერიუმებისგან?

ცხადია, განსხვავდება. ასევე ცხადია, რომ ხარისხის მოთხოვნა იქაც და აქაც საჭიროა. რახან წიგნი საბავშვოა, ეს არ ნიშნავს, რომ შემზარავად პრიმიტიული უნდა იყოს. თუმცა, გარკვეული სისადავე, სიმარტივე – საბავშვო ლიტერატურას აუცილებლად სჭირდება. როგორ შეიძლება, 7-8 წლის მკითხველისთვის გათვლილი წიგნი იმავე მოთხოვნებით შევაფასოთ, რასაც ზრდასრული ადამიანი მოითხოვს ლიტერატურისგან? ვფიქრობ, საბავშვო ლიტერატურის ავტორებისთვის განსაკუთრებით საჭიროა ტექსტის აგების სტრუქტურების კარგი ცოდნა და, რაც მთავარია, უნარი, არ გატენონ ტექსტი ზედმეტი იწილო-ბიწილოთი, როგორმე შეიკავონ თავი ბრწყინვალე ინტელექტის დემონსტრირებისაგან და ისე წერონ, რომ ბავშვებმა ამის წაკითხვა შეძლონ.

  1. არის გავრცელებული აზრი, რომ საბავშვო მწერლობა საქართველოში არ იყო, და არც ახლაა “პრესტიჟული” (შესაძლოა არა მარტო საქართველოში). ეთანხმებით თუ არა ამ აზრს და თუ კი, რა შეიძლება იყოს ამის მიზეზი?

ვეთანხმები. საბავშვო მწერლებიყოველთვის არასერიოზულ, მეორეხარისხოვან ავტორებად მიიჩნეოდნენ. მიზეზებზე ლაპარაკი რთულია, და ალბათ, ერთი კონკრეტული ახსნა ამ ფაქტს ვერც ექნება. ამიტომაც იყო ხშირად, რომ საქართველოში “პრესტიჟული” მწერლები ხანდახან “გადმოუგდებდნენ” ხოლმე რაიმე საბავშვოსაც მკითხველს, მაგრამ მათი ძირითადი საქმიანობა მაინც საუფროსო ლიტერატურა იყო, აქაოდა, არავის ეგონოს, რომ ამ არასერიოზულ საქმეზე სერიოზულად ვცდებითო. როგორც წესი, ასეთი მცდელობები დიდად არ ამართლებდა.

  1. უნდა იყოს თუ არა საბავშვო ლიტერატურა დიდაქტიკური? ხშირად ჩვენთვის ყველაზე საყვარელი პერსონაჟების ქცევა საბავშვო ლიტერატურიდან არ ემთხვევა საზოგადოებაში დამკვიდრებულ მორალსა თუ ქცევის წესებს (პეპი სკოლაში არ დადის და უკუღმა სძინავს, ტომ სოიერს ტყუილების თქმაში ვერ შეეჯიბრები, ლიონებერგელი ემილი ათას სისულელეს სჩადის). რაშია საქმე – ორმაგ სტანდარტთან ხომ არ გვაქვს საქმე?

ძალიან მცირე ასაკის ბავშვებისთვის გათვლილი ლიტერატურა, ცხადია, ატარებს დიდაქტიკურ მოტივებს. თუმცა, სიტყვა დიდაქტიკა ჩვენ ხშირად ძალიან არასწორად გვესმის და პათეტიკაში გვეშლება. პათეტიკა ფორმაა, უხეირო ფორმა; დიდაქტიკა კი შინაარსს მიემართება. ცუდად დაწერილი რომ იყოს მეამბოხე ან მატყუარა, ან ახირებული პერსონაჟი, ალბათ, არც ის მოგვეწონებოდა. საბოლოო ჯამში, პეპიც, ემილიც, ტომიც და ბევრი სხვა ბავშვი პერსონაჟი თავისუფლების იდეის გამომხატველია. გააჩნია, ვის როგორ ესმის ეს დიდაქტიკური მოტივები.

  1. საკუთარი ბავშვობის გახსენებისას, რამდენად წინ მოდის საბავშვო ლიტერატურიდან მიღებული შეგრძნებები და გამოცდილებები რეალურ სამყაროში მიღებულთან შედარებით, და რამდენად ეფუძნება ამას დღევანდელი თქვენი მსოფლმხედველობა?

რთული სათქმელია, ალბათ, ადრეულ ბავშვობაში მიღებული შთაბეჭდილებები იმდენად ღრმადაა გამჯდარი ჩვენს აზროვნებაში და მოგონებებში, რომ მათთვის სახელის დარქმევა გვიჭირს. გვახსოვს მხოლოდ ცალკეული ემოციები – როგორ ვხარხარებდით რაღაც ტექსტზე, ან ვტიროდით და ამას სრული არსებით ვაკეთებდით. ეს, ალბათ, ახდენს მსოფლმხედველობის ჩამოყალიბებაზე გავლენას, მაგრამ მე ვიტყოდი, უფრო მგრძნობელობას ავითარებს ბავშვში. რაღაცას, რაც ძალიან მოუხელთებელია და ალბათ, არც არის საჭირო, ამას რაიმე კონკრეტული სახელი დავარქვათ.

__________________________________

შეგახსენებთ, რომ გრძელდება ნაწარმოებების მიღება საბავშვო  ლიტერატურული კონკურსისთვის „ოქროს ბუმბული“.

პროექტის ორგანიზატორია:

ქარჩხაძის გამომცემლობა

პროექტის ხელშემწყობები არიან:

თბილისის მერია;

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო;

საინფორმაციო მხარდამჭერი: ტელეკომპანია ფორმულა;