„დავით ხიდაშელი საქართველოს სამონადირეო მეურნეობის ბიზნესიდან გადის”, – ამის შესახებ კომპანიის განცხადება „პუბლიკას” მან თავად მიაწოდა.
„ბიზნესმენს ბოლო დროს ხელისუფლება ლიცენზიის გადახედვითა და შეჩერებით დაემუქრა. როგორც თავად კომპანიაში აცხადებდნენ, საქმე არა პირობების შეუსრულებლობას, არამედ თავად სახელმწიფოს მხრიდან შექმნილ გაუგებრობებს ეხებოდა. სოფლის მეურნეობის სამინისტრო ითხოვდა იმ პირობების შესრულებას, რომელიც არ იყო სათანადოდ გაწერილი და თავად სახელმწიფო არ ასრულებდა თავის ვალდებულებებს.
გარემოსდაცვითმა დეპარტამენტმა ჯერ კიდევ 20 ივლისს გაავრცელა განცხადება, რომლის მიხედვითაც ბიზნესმენ დავით ხიდაშელის კომპანიის „ეიჩ ჯი კაპრა კაუკასიკა” მიმართ სამართალდარღვევის ოქმები შედგა. როგორც განცხადებიდან ირკვევა, კომპანიამ დაარღვია პირობა, რაც მისი სალიცენზიო არეალის განვითარების გეგმის შედგენას და ამ გეგმის სახელმწიფოსთვის წარდგენას ითვალისწინებდა.
დღეს კი ცნობილი ხდება, რომ მომდევნო დღეებში დავით ხიდაშელმა გაუგებრობებისა და მომდევნო სასამართლო პროცესების აცილების და მისი სახელის უმიზეზოდ შელახვის გამო, რაჭის ტყეების სამონადირეო ლიცენზია და კომპანია გაყიდა ანუ ხელშეკრულება უკვე ფორმდება და უახლოეს ერთ კვირაში ცნობილი გახდება, რომ რაჭის ტყეების ლიცენზიის ერთ-ერთი მონაწილე ესპანეთის სამონადირეო მეურნეობებთანაა დაკავშირებული; მეწილე ასევე გახდება სხვა ქართული კომპანიაც”, – ნათქვამია კომპანიის განცხადებაში.
„თუ არ აინტერესებთ ჩემი ინვესტიციები, კარგად იყვნენ უჩემოდ. სხვა ბევრი ქვეყანა მელოდება ხელგაშლილი ინვესტიციებისთვის და დრო აჩვენებს ყველას, რომ არც კრემლთან და არც ქართულ ოცნებასთან არ ვარ დაახლოებული”, – აცხადებს ხიდაშელი.
რაჭის მოსახლეობა, მათი მხარდამჭერები და მოძრაობა „რიონის ხეობის გადარჩენისთვის“ დავით ხიდაშელისთვის რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონში 97 000 ჰექტარ ტყეზე 49-წლიანი ლიცენზიის გაუქმებას მოითხოვს.
მოძრაობის განცხადებით, ლიცენცია გაიცა კანონით გათვალისწინებული ეტაპის – მოსახლეობის ჩართულობის უზრუნველყოფის გარეშე, რაც ლიცენზიის შეწყვეტის საფუძველია.
ორგანიზაცია „მწვანე ალტერნატივასა” და რაჭის სათემო ორგანიზაციას ლიცენზიის გაუქმების მოთხოვნით მიმართული აქვს სასამართლოსთვისაც.