დავით კირკიტაძის ინფორმაციით, რუსთავში ენმ-ის მხარდამჭერს სცემეს

პუბლიკა

რუსთავის მერობის კანდიდატის, დავით კირკიტაძის ინფორმაციით, რუსთავში „ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერს სცემეს. ინფორმაციას „ფორმულა“ ავრცელებს.

როგორც კირკიტაძე ამბობს, გველესიანი რუსთავის მერიის დაქვემდებარებულ ერთ-ერთ ააიპ-ში მუშობდა, თუმცა ენმ-ის მხარდაჭერის გამო სამსახურიდან რამდენიმე დღის წინ გაათავისუფლეს.

„წუხელ, გვიან ღამით, საკუთარ სახლთან, ახმეტელის ქუჩაზე ივანე გველესიანს ნიღბიანმა ადამიანმა სცემა. ეს ადამიანი აიძულეს რამდენიმე დღის წინ, რომ დაეწერა განცხადება და წამოსულიყო სამსახურიდან იმის გამო, რომ მან საჯაროდ დააფიქსირა ენმ-ს მხარდაჭერა. ის მუშაობდა რუსთავის მერიის დაქვემდებარებულ ააიპ-ში. მას დაემუქრნენ რამდენიმე დღის წინ და აუსრულეს კიდეც „ქართული ოცნების“ აქტივისტებმა. ეს ადამიანი წევს ახლა საავადმყოფოში. შეიძლება დასჭირდეს სახეზე ოპერაციაც”, – ამბობს, „ფორმულას“ ცნობით, კირკიტაძე.