ცენტრალური საარჩევნო კომისიის ოპოზიციონერი წევრი, დავით კირთაძე სასამართლომ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის გამო 500 ლარით დააჯარიმა. „პუბლიკასთან“ ადვოკატი, ივანე პეტრიაშვილი განმარტავს, რომ საქმე ეხებოდა საარჩევნო კოდექსით გათვალისწინებულ სამართალდარღვევებს. მისი თქმით, ცესკოს პოზიცია იყო, რომ კირთაძემ 16 ნოემბერს გამართულ სხდომაზე კომისიის საქმიანობაში ჩაერია, თუმცა ვერ წარმოადგინეს მტკიცებულება, რაში გამოიხატა ჩარევა.
„სასამართლო სხდომაზე ცესკოს წარმომადგენლებმა სასამართლოს კონკრეტულად ვერ მოახსენეს, თუ რაში გამოიხატა დავით კირთაძის მხრიდან სხდომაზე წესრიგის დარღვევა, კონკრეტულად რა ქმედებაში გამოვლინდა ის, ვინაიდან ადმინისტრაციული სამართალდარღვევების სამართალი ქმედების სამართალია და კონკრეტული ქმედება უნდა ყოფილიყო სათანადოდ დასაბუთებული სასამართლოს წინაშე. სასამართლოს უწყებრივად განსახილველი საკითხი არ იყო, ვინაიდან სხდომაზე წესრიგის დარღვევის შემთხვევაში სასამართლოს გარეშე, ცესკო თავად იღებს გადაწყვეტილებას. ამ საქმის სასამართლოში წარმოდგენა ემსახურებოდა მხოლოდ იმ მიზანს, რომ სასამართლოს დაედასტურებინა კირთაძის ქმედებებში სამართალდარღვევის ნიშნების არსებობა, ვინაიდან სამომავლოდ ცესკომ დაიწყოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის წევრის უფლებამოსილების შეწყვეტის თაობაზე სარჩელის სასამართლოზე წარმოება“, – ამბობს ადვოკატი, ივანე პეტრიაშვილი „ტვ პირველთან“.
ცესკოს იურიდიული დეპარტამენტის უფროსმა, გიორგი სანტურიანმა განმარტა, რომ ოქმის შედგენაზე უფლებამოსილი თანამდებობის პირი ცესკოს თავმჯდომარეა და მან ყველა პროცედურის დაცვით „განახორციელა მასზე დაკისრებული უფლებამოსილება“.
„ადგილი ჰქონდა კომისიის საქმიანობაში და ფუნქციებში ჩარევას რაც გამოიხატა იმით, რომ შეფერხდა კომისიის საქმიანობა ნახევარი საათის განმავლობაში შეწყდა კომისიის სხდომის მიმდინარეობა, კომისიის თავმჯდომარეს არ მიეცა მისი ფუნქციების შესრულების შესაძლებლობა. [რა ქმედებით გამოიხატა ეს კირთაძის მხრიდან?] ბუნებრივია როგორც გამოიხატა თქვენ იცით, საზოგადოებისთვის ცნობილია ის ფაქტი რაც განხორციელდა“, – ამბობს გიორგი სანტურიანი.
16 ნოემბერს, ცესკოს სხდომაზე ცესკოს წევრმა ენმ-დან, დავით კირთაძემ გიორგი კალანდარიშვილს სახეზე საღებავი შეასხა. დავით კირთაძემ კალანდარიშვილს მიმართა, „თქვენ თავმჯდომარესაც ვერ გიწოდებთ, თქვენ ხართ „ტოჩკა.რუ”.
შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, საღებავის შესხმაზე გამოძიება დაიწყო სისხლის სამართლის კოდექსის 118-ე მუხლით დაიწყო, რაც ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანებას გულისხმობს.