27 მაისს საპატრიარქომ გელათის სამონასტრო კომპლექსის რეაბილიტაციისადმი შესახებ პრეზენტაცია გამართა.
საპატრიარქოს ინფორმაციით, მიმდინარე წლის 6 აპრილს ხელისუფლებასა და საპატრიარქოს შორის შეთანხმება შედგა და გელათის მონასტრის რეაბილიტაციის მართვა საქართველოს საპატრიარქოს დაევალა. შეიქმნა გელათის მართვის დროებითი მართვის კომიტეტი, რომელსაც ხელმძღვანელობს მიტროპოლიტი, შიო მუჯირი.
შეხვედრას ესწრებოდა ეროვნული მუზეუმის გენერალური დირექტორი დავით ლორთქიფანიძეც. შეხვედრაზე გაირკვა, რომ ის გელათის რეაბილიტაციის კომიტეტის ადგილობრივ სამეცნიერო საბჭოს მდივანი იქნება.
დავით ლორთქიფანიძემ პრეზენტაციაზე წარმოადგინა გელათის რეაბილიტაციაზე მომუშავე სამეცნიერო კომიტეტების მუშაობის სქემა და დამსწრე საზოგადოებას წარუდგინა როგორც ეროვნული, ისე საერთაშორისო სამეცნიერო კომიტეტების წევრები.
„რაც შეეხება ჩემს როლს, რამდენიმე, მნიშვნელოვანი საერთაშორისო პროექტისთვის მიხელმძღვანელია, მაგრამ მსგავსი პატივი ჯერ არ მქონია და დიდი მადლობა ნდობისთვის. საქართველოს მეცნიერებათა აკადემია შეასრულებს კოორდინაციის როლს. ჩვენი ვალდებულებაა, რომ დაცული იყოს უმაღლესი რანგის მეცნიერული სტანდარტი“, – განაცხადა დავით ლორთქიფანიძემ.
მისი თქმით, რეაბილიტაციის კომიტეტის ხელმძღვანელია მეუფე შიო, მოადგილე მამა კირიონი. შეიქმნა ორი საბჭო – ადგილობრივი და საერთაშორისო სამეცნიერო მრჩეველთა საბჭოები. თითოეული მიმართულებით ასევე გათვალისწინებულია მონიტორინგის სისტემები. ანუ ორივე საბჭოს საქმიანობა შეფასდება მონიტორების მიერ.
დავით ლორთქიფანიძის თქმით, გელათის რეაბილიტაციის კომიტეტის სისტემა იუნესკოს რეკომენდაციების შესაბამისად შემუშავდა.
„ბრძნული გადაწყვეტილებაა მიღებული, რომ არცერთი ნაბიჯი არ გადაიდგმება კვლევის გარეშე, ძალიან ფუნდამენტური კვლევის გარეშე“, – განაცხადა დავით ლორთქიფანიძემ.
ქართული სამეცნიერო საბჭოში წევრები იქნებიან:
დავით ლორთქიფანიძე – საქართველო მეცნიერებათა ეროვნული აკადემია, საქართველოს ეროვნული მუზეუმი;
ზაზა სხირტლაძე – თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი, ხელოვნების კრიტიკოსი;
ნატალია ცინცაძე – „ICOMOS საქართველოს“ აღმასრულებელი დირექტორი;
ეკატერინე გედევანიშვილი – გიორგი ჩუბინაშვილის ცენტრი;
მზია ჯანჯალია – გიორგი ჩუბინაშვილის ცენტრი.
საერთაშორისო მეცნიერთა მრჩეველთა საბჭო
გერჰარდ ვოლფი – მაქს პლანკის სახელობის ფლორენციის ხელოვნების ინსტიტუტის დირექტორი;
სარა სტენიფორსი – მხატვრობის კონსერვატორი და ქიმიკოსი. ისტორიული და ხელოვნების ნიმუშთა კონსერვაციის საერთაშორისო ინსტიტუტის IIC-ის პრეზიდენტი;
სტეფან სიმონი – ბერლინის ეროვნული მუზეუმის რათგენის კვლევითი ლაბორატორიის დირექტორი;
ფრანჩესკა პიკე – სამხრეთ შვეიცარიის გამოყენებითი მეცნიერებისა და ხელოვნების უნივერსიტეტი პროფესორი და კედლის მხატვრობის კონსერვატორი;
ლორი ვონგი – კედლის მხატვრობის კონსერვატორი. გეტის კონსერვაციის ინსტიტუტის ნაგებობებისა და ძეგლების დეპარტამენტი;
სტივენ კილი – არქიტექტორი და ნაგებობათა კონსტრუქციების ინჟნერი;
ოსტინ ნევინი – ლონდონის უნივერსიტეტის, კურტოს ხელოვნების ინსტიტუტის კონსერვაციის დეპარტამენტის ხელმძღვანელი.
„ყველანი დარწმუნებულები ვართ, რომ ჩვენ ამას ტექნიკურად შევძლებთ. როგორც გადახურვას, ისე განვითარებას, მაგრამ მთავარია, რა არის გელათი? ზუსტად ბრძანეთ, მეუფე შიო, ბატონო პრემიერო, გელათი ცოდნის და რწმენის შეხვედრის ადგილია. როცა ვსაუბრობდით კიდევ ერთ კომპონენტზე, ეს საზოგადოების ჩართულობაა. მე ივერიის ფონდსაც წარმოვადგენ, რომელიც ცოდნის და რწმენის გავრცელებას ემსახურება, არის თანამონაწილე ამ პროცესის. დღეს შეგვიძლია ვთქვათ, რომ შეიქმნა ის სამკუთხედი, რომელზეც იდგა საქართველო – ეს არის ეკლესია, სახელმწიფო და საზოგადოება, რომელიც გაძლევს იმედს, რომ ეს არ დარჩება უბრალო ნათქვამად, რომ გელათი არის მეორე იერუსალიმი და ახალი ათენა. დღეს ჩვენ 21-ე საუკუნეში შეგვიძლია, არა ფორმალურად გამოვიტანოთ ის, რასაც აკეთებდა დავითი, არამედ ის ხედვა, რომელიც ჰქონდა, განვახორციელოთ და მივაღწიოთ იმას, რომ საქართველოს აქვს ეს ადგილი, სადაც შეიძლება იყოს მეორე იერუსალიმი და ახალი ათენა“, – განაცხადა ლორთქიფანიძემ.
გელათის რეაბილიტაციის გეგმაზე ისაუბრა მიტროპოლიტმა შიო მუჯირმაც. დეტალები იხილეთ ბმულზე.
რა მოხდა გელათში?
გელათი სამონასტრო კომპლექსში კულტურის მინისტრის, თეა წულუკიანის დანიშვნის შემდეგ საკონსერვაციო-სარესტავრაციო სამუშაოები დაიწყო. 2018- 2019 წელს გელათში უხარისხოდ ჩატარებული გადახურვის სამუშაოების შედეგად წყალი ჩავიდა, რის გამოც კედლის მხატვრობა დაზიანდა.
2021 წლის ივნისში, წულუკიანის გამინისტრებიდან ორ თვეში, იტალიური ასოციაცია „სუარდოს” ექსპერტებმა ტაძრის მხატვრობის კონსერვაციის გეგმა შეადგინეს. ამ დასკვნაზე დაყრდნობით, გელათში გადაუდებელი კონსერვაციის სამუშაოები დაიწყეს. სამუშაოები მერაბ ბუჩუკურსა და მის გუნდს მიანდვეს.
ფრესკების რესტავრაციაზე იტალიური ასოციაციის წარმოდგენილი გეგმა მაშინვე დაიწუნეს ქართველმა ექსპერტებმა. ქართველი სპეციალისტები ამბობდნენ, რომ სველ კედელზე სრული საკონსერვაციო სამუშაოების დაწყება საერთაშორისო სტანდარტის დარღვევა იყო და ძეგლის მდგომარეობას გააუარესებდა. კრიტიკა სამინისტრომ არ გაითვალისწინა და სამუშაოები დაიწყო.
სამუშაოების დაწყებიდან ერთი წლის თავზე საპატრიარქოს მოწვევით გელათში ამერიკელი ექსპერტები ჩამოვიდნენ. ექსპერტები სამონასტრო კომპლექსს 2022 წლის 30 აპრილიდან 4 მაისამდე სტუმრობდნენ. ამერიკელმა ექსპერტებმა საკონსერვაციო – სარესტავრაციო სამუშაოები გააკრიტიკეს, სამუშაოების შეჩერებისა და ახალი გეგმის შექმნის რეკომენდაცია გასცეს.
ამ დასკვნის მომზადებიდან მალევე, ოქტომბრის დასაწყისში, საპატრიარქოს მოთხოვნით კედლის მხატვრობის კონსერვაციის სამუშაოები შეჩერდა.
ამავე პერიოდში, კომპლექსის კონსერვაციის საერთო მდგომარეობის შესაფასებლად სამინისტრომ UNESCO-ს მსოფლიო მემკვიდრეობის ცენტრის ICOMOS-ისა და ICCROM-ის მრჩეველთა ერთობლივი მისია მოიწვია. მისიამ საქართველო 2022 წლის 2 დეკემბერს დატოვა. UNESCO- ს დასკვნა ჯერ ცნობილი არაა.
უკვე ცნობილია, „icomos საქართველოს“ და ჩუბინაშვილის ცენტრის დასკვნები. ორივე დასკვნა კრიტიკულად აფასებს მიმდინარე სამუშაოებს და პროფესიონალების მონაწილეობით სამუშაოების თავიდან დაგეგმვის რეკომენდაციას გასცემენ.
ჩუბინაშვილის ცენტრის დასკვნა 2023 წლის 30 იანვარს გახდა ცნობილი. სამინისტრომ საპასუხო განცხადებაში აღნიშნა, რომ დასკვნის ავტორები ვიწრო პარტიული ინტერესებით ხელმძღვანელობენ და დასკვნას კვალიფიკაცია აკლია. ჩუბინაშვილის ცენტრს გამოექომაგა საქართველოს საპატრიარქო. საპატრიარქომ საპასუხო განცხადებაში აღნიშნა, რომ დასკვნა მათი თხოვნით მომზადდა და არავითარ პოლიტიკას ადგილი არ აქვს.
ჩუბინაშვილის ცენტრის დასკვნის შემდეგ გასაჯაროვდა იუნესკოს დასკვნაც, რომელიც ასევე კრიტიკული იყო გელათში ჩატარებულ სამუშაოებთან მიმართებით. აღნიშნული დასკვნის გამოქვეყნების შემდეგ, 25 თებერვალს, კულტურის მინისტრმა თეა წულუკიანმა საპატრიარქოსთან გამართულ ერთობლივ ღონისძიებაზე განაცხადა, რომ, გელათის მონასტრის სარეაბილიტაციო სამუშაოებს საქართველოს საპატრიარქო გადაიბარებდა.