დავით ლორთქიფანიძეს ეროვნული მუზეუმის დირექტორის თანამდებობაზე ვადა 4 წლით გაუხანგრძლივეს

პუბლიკა

ეროვნული მუზეუმის დირექტორს დავით ლორთქიფანიძეს თანამდებობაზე ყოფნის ვადა 4 წლით გაუხანგრძლივეს.

ამის შესახებ ინფორმაცია თავდაპირველად ტელეკომპანია „ფორმულამ“ გაავრცელა. თუმცა ინფორმაცია „პუბლიკას“ თავად დავით ლორთქიფანიძემაც დაუდასტურა.

ბრძანებას ხელს კულტურის მინისტრის მოადგილე კახა სიხარულიძე აწერს. დავით ლორთქიფანიძემ სამინისტროს ოთხწლიანი სამოქმედო გეგმა უნდა წარუდგინოს.

„ეს ალბათ სახელმწიფოებრივი გადაწყვეტილებაა, რომ ის ხედვა, რომელიც ჩვენ გვქონდა, რომელიც ეროვნულ მუზეუმს ჰქონდა უნდა გაგრძელდეს. მე მგონი ეს ამის ნიშანია. მე პროგრამა უნდა მოვამზადო, თვითონ ბრძანებაში წერია, რომ 4-წლიანი პროგრამა უნდა გავაცნო სამინისტროს და ეს დამალული არ იქნება. ყველას ექნება შესაძლებლობა, რომ ნახოს. ეს ამბავი დღევანდელია, მე ერთი შემიძლია გითხრათ, რომ ეროვნული მუზეუმის ხედვა, ის, რაც არის ჩვენი პრინციპები, ყველანაირად ვეცდებით, რომ გაგრძელდეს. პირველ რიგში, ეს უნდა იყოს მაღალი ავტორიტეტის სამეცნიერო დაწესებულება“, – უთხრა დავით ლორთქიფანიძემ „პუბლიკას“. 

2022 წელს, მას შემდეგ რაც თეა წულუკიანი კულტურის მინისტრად დაინიშნა, ეროვნული მუზეუმიდან და შალვა ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების მუზეუმიდან ათობით დანამშღომელი გაათავისუფლეს. მინისტრის თქმით, საჭირო იყო „რეორგანიზაცია“, რადგან მუზეუმი „გამოშიგნულია“ და ექსპონატები დაკარგული.

თეა წულუკიანმა ხელოვნების მუზეუმის დირექტორად იუსტიციის სამინისტროს კადრი ნიკა ახალბედაშვილი დანიშნა. მოგვიანებით ნიკა ახალბედაშილი ეროვნული მუზეუმის დირექტორის დავით ლორთქიფანიძის პირველ მოადგილედაც დაინიშნა.