დღეს, 22 მაისს, საქართველოს იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ სამწლიანი გამოსაცდელი ვადით დანიშნული ცხრა მოსამართლე უვადოდ დანიშნა. მათ შორისაა პარლამენტის უმრავლესობის დეპუტატის, იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილის, დავით მათიკაშვილის ცოლი. ნინო მამულაშვილი თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიაში იმუშავებს.
ნინო მამულაშვილის უვადოდ გამწესებას ეწინააღმდეგებოდა საბჭოს არამოსამართლე წევრი, ნაზი ჯანეზაშვილი. ის ამბობს, რომ სამჯერ ცდის შემდეგ მამულაშვილი მოსამართლედ მას მერე გამწესდა, რაც დავით მათიკაშვილი პარლამენტის წევრი გახდა. ჯანეზაშვილი ამ ფაქტს მათიკაშვილის ე.წ. კლანთან კავშირს უკავშირებს.
„2016 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდგომ, მას შემდეგ, რაც დავით მათიკაშვილი გახდა მეცხრე მოწვევის პარლამენტის წევრი, რამდენიმე თვეში ნინო მამულაშვილმა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მხარდაჭერა მოიპოვა და მეოთხე მცდელობის შემდეგ გახდა მოსამართლე.
ცხადია, ეს გარემოება აჩენს კითხვას, რატომ დაინიშნა ნინო მამულაშვილი მოსამართლის თანამდებობაზე რამდენიმეწლიანი მცდელობის შემდეგ, მხოლოდ მაშინ, როდესაც მისი მეუღლე გახდა საქართველოს პარლამენტის წევრი და ამძაფრებს ეჭვებს დავით მათიკაშვილის კავშირზე სასამართლოს ე.წ. კლანთან“. –აცხადებს ჯანეზაშვილი.
იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ვებგვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციით, დღეს უვადოდ 9 მოსამართლე დაინიშნა: ლევან გელოვანი, 12 ხმით; დიანა გოგატიშვილი, 13 ხმით; ლეილა გოგიშვილი, 13 ხმით; ვერა დობორჯგინიძე, 13 ხმით; თამარ კაპანაძე, 13 ხმით; ნინო მამულაშვილი, 12 ხმით; ლევან ნუცუბიძე, 13 ხმით; ციცინო როხვაძე, 13 ხმით; მამუკა წიკლაური, 13 ხმით.
ეს მოსამართლეები სამწლიანი გამოსაცდელი ვადით 2017 წლის 25 მაისიდან იყვნენ დანიშნულები.