სასამართლომ დავით მიქაძეს, რომელიც საქართველოში არ იმყოფება და მის დაცვის უფროსს, დავით ჩუბინიძეს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.
პროკურატურის ცნობით, მათ ბრალად ედებათ წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, ცეცხლსასროლი იარაღის მისაკუთრების მიზნით, მართლსაწინააღმდეგო დაუფლება და ჯგუფურად ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შენახვა და გასაღება.
„საზოაგდოებრივი მაუწყებლის“ ცნობით, სხდომაზე სიტყვის უფლებით ისარგებლა დავით ჩუბინიძემ და თქვა, რომ ბრალს არ ეთანხმება. დავით მიქაძის ადვოკატი აცხადებს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფს აღნიშნული დანაშაული არ ჩაუდენია.
„პროკურატურამ ვერ წარმოადგინა საკმარისი ვერც ინფორმაცია და მტკიცებულებები საერთოდ ვერ წარმოადგინა. ჩვენის მხრივ, დავით მიქაძის მხრიდან, მეოთხე ეგეთი შეკერილი ბრალდებების მომსწრე ვართ სასამართლოში. […] ჩემი მოთხოვნა, რა თქმა უნდა, იყო რომ არავითარი დანაშაული ამ ბრალდებაში ჩადენილი არ აქვს დავით მიქაძეს, არანაირი გირაო არ მომითხოვია და სხვა სახის აღკვეთი ღონისძიების შეფარდება, მოვითხოვე რომ დაეტოვებინათ აღკვეთის ღონისძიების გარეშე, ვინაიდან დანაშაული არ ჰქონდა ჩადენილი“, – თქვა ადვოკატმა, ვალერი გელბახიანმა.
პროკურორმა ქეთევან სონიძემ თქვა, რომ დაცვის მხარის განცხადება, რომ ბრალდების მხარეს მტკიცებულებები არ აქვს, რეალობას არ შეესაბამება.
5 ნოემბერს შინაგან საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ დაკავებულია დავით მიქაძის დაცვის უფროსი – დავით ჩუბინიძე. უწყება ამბობს, რომ 2021 წლის სექტემბრის თვეში, დავით ჩუბინიძე და დავით მიქაძე, წინასწარი შეთანხმებით, ჯგუფურად დაეუფლნენ ვახტანგ კობიაშვილის სახელზე რეგისტრირებულ 5 ცალ ცეცხლსასროლ იარაღს, საიდანაც ერთ-ერთი მართლსაწინააღმდეგოდ გაასაღეს მესამე პირზე. მიქაძეს ბრალი დაუსწრებლად წარედგინა.
დავით მიქაძე ბრალდებულია ლევან ჯანგველაძის მკვლელობის საქმეზეც. ის საქართველოში არ იმყოფება. პროკურატურის ვერსიით, ძმებ გიორგი და დავით მიქაძეებს ბიზნესსაქმიანობასთან დაკავშირებით გარკვეული სახის უთანხმოება და დაპირისპირება ჰქონდათ ჯანგველაძესთან და „ამ უკანასკნელთან დაპირისპირებაში მყოფ სხვა პირთა შეკვეთით, დაგეგმეს ლევან ჯანგველაძის განზრახ მკვლელობის ორგანიზება“. სექტემბერში „ფორმულასთან“ ინტერვიუში დავით მიქაძემ თქვა, რომ ბრალი აბსურდულია. მისი განცხადებით, ამ ვითარებაში ჩამოსვლას არ აპირებს, თუმცა მზადაა გამოძიებასთან ითანამშრომლოს.