რუსთავის საქალაქო სასამართლომ თავისუფლების უკანონო აღკვეთისთვის და ჯგუფურად ჩადენილი განსაკუთრებული სისასტიკით მკვლელობაში ბრალდებულ 5 პირს თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა, ხოლო 1 გაამართლა. პროკურატურა გამამართლებელი განაჩენის აპელაციის წესით გასაჩივრებას აპირებს.
რუსთავის სასამართლოს მიერ 1 პირის გამამართლებელ განაჩენს გარდაცვლილი დავით მუმლაძის ოჯახის წევრების პროტესტი მოჰყვა.
პროკურატურის ინფორმაციით, გამოძიებით დადგინდა, რომ 2019 წლის 1 ოქტომბერს, თბილისში, დავით მუმლაძე გ.გ.-მ მოტყუებით გამოიყვანა საცხოვრებელი ბინიდან და ავტომანქანით მიიყვანა ბრალდებულებთან წინასწარ შეთანხმებულ ადგილზე – გლდანის ტერიტორიაზე, სადაც პოლიციის ფორმაში ჩაცმულმა დ.მ-მ, მ.ღ.-მ და დ.დ.-მ მოახდინეს მისი დაკავების ინსცენირება, დაადეს ხელბორკილები, ავტომანქანით ჩაიყვანეს რუსთავში და შეთანხმებისამებრ შეპყრობილ მდგომარეობაში გადასცეს ზ.ჯ-ს და გ. ა.-ს, რომლებმაც დ.მ.-ს ჯგუფურად, განსაკუთრებული სისასტიკით, სხეულის სხვადასხვა ადგილებში მიაყენეს მრავლობითი ჭრილობები, რამაც დ.მ.-ს გარდაცვალება გამოიწვია.
„აღნიშნულის შემდეგ, კვალის დაფარვის მიზნით ბრალდებულებმა გარდაცვლილის ცხედარი მდინარე მტკვარში გადააგდეს. აღნიშნულ სისხლის სამართლის საქმეზე, ბრალდებულის სახით სისხლისსამართლებრივ პასუხისგებაში მიცემული იყო 6 პირი.
რუსთავის საქალაქო სასამართლომ ზ.ჯ. დამნაშავედ ცნო და სასჯელის სახით განუსაზღვრა 20 წლით თავისუფლების აღკვეთა, გ.გ დამნაშავედ იქნა ცნობილი ასევე და სასჯელის სახით განესაზღვრა 9 წლით თავისუფლების აღკვეთა, დ.მ.-ს სასამართლომ განუსაზღვრა 10 წლით თავისუფლების აღკვეთა, მ.ღ.-ს განესაზღვრა 10 წლით თავისუფლების აღკვეთა, ხოლო დ.დ. -ს 9 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.
სამართალდამცველებმა ბრალდებულები 2019 წლის 7 ოქტომბერს დააკავეს, ხოლო ძებნილი ზ.ჯ. დაკავებული იქნა 2020 წლის 2 იანვარს. ექვსივე ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული ჰქონდა პატიმრობა, “- ამბობენ პროკურატურაში.