დავით სარალიძის მკვლელობაში მსჯავრდებულ გიორგი ჯანაშიას საპროცესო შეთანხმება უფორმდება. როგორც „ინტერპრენიუსი“ წერს, ამის შესახებ ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმის პროკურორმა, თორნიკე ნადირაძემ უზენაეს სასამართლოში პროცესის დაწყებამდე ჟურნალისტებთან განაცხადა.
როგორც პროკურორი განმარტავს, გიორგი ჯანაშიამ დავით სარალიძის მკვლელობა აღიარა. საპროცესო შეთანხმების პირობებზე პროკურორს არ უსაუბრია.
გიორგი ჯანაშია ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე დავით სარალიძის მკვლელობის ბრალდებით დააკავეს. ამ საქმეზე დააკავეს გუგა ბარბაქაძეც, რომელსაც ლევან დადუნაშვილის მკვლელობასთან ერთად დავით სარალიძის მკვლელობაში თანამონაწილეობაც ბრალდებოდა.
პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებით, გიორგი ჯანაშიას 9 წლითა და 9 თვით თავისუფლების აღკვეთა, ხოლო გუგა ბარბაქაძეს 10 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა შეეფარდა. საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით, გიორგი ჯანაშია ცნობილ იქნა დავით სარალიძის დამამძიმებელ გარემოებაში განზრახ მკვლელობის მცდელობაში, ხოლო, გუგა ბარბაქაძე ლევან დადუნაშვილის განზრახ მკვლელობაში. მას სარალიძის მკვლელობაში ბრალი მოეხსნა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება როგორც დაცვის, ასევე ბრალდების მხარემ გაასაჩივრა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლეთა პალატამ ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება ნაწილობრივ შეცვალა. კერძოდ კი, გიორგი ჯანაშია დამნაშავედ ცნეს დავით სარალიძის მკვლელობაში ჯგუფურად, სხვა პირთან ერთად. მას სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთა 11 წლითა და 3 თვის ვადით შეეფარდა.
დავით სარალიძის განზრახ ჯგუფურად მკვლელობის ბრალდებით მოგვიანებით ასევე დააკავეს მიხეილ კალანდია, რომლის საქმესაც თბილისის საქალაქო სასამართლო განიხილავს.