დავით სარალიძის მკვლელობაში მსჯავრდებული ციხეს 2 წელში დატოვებს

პუბლიკა

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა კოლეგიამ დავით სარალიძის მკვლელობაში მსჯავრდებულ გიორგი ჯანაშიასთან მხარეთა შორის მიღწეული საპროცესო შეთანხმება დაამტკიცა, – ხორავას ქუჩაზე დავით სარალიძის მკვლელობაში მსჯავრდებულ გიორგი ჯანაშიასა და გუგა ბარბაქაძის ბრალდების სისხლის სამართლის საქმეზე უზენაესმა სასამართლომ გადაწყვეტილება გამოაცხადა.

სააგენტო „ინტერპრესნიუსის” ცნობით, გიორგი ჯანაშიას 11 წლითა და 3 თვით მისჯილი წლებიდან საბოლოოდ, 8 წლით თავისუფლების აღკვეთა შეეფარდა, საიდანაც 4 წელს პენიტენციურ დაწესებულებაში მოიხდის, დანარჩენი 4 წელი კი პირობითად ჩაეთვლება. მისჯილი წლებიდან გიორგი ჯანაშიას 2 წელი უკვე მოხდილი აქვს, შესაბამისად, ის პენიტენციურ დაწესებულებას 2021 წელს დატოვებს.

„პუბლიკა” უზენაესი სასამართლოსდან დღეს მიღებული გადაწყვეტილების შესახებ დეტალურ განცხადებას ელოდება.


ხორავას ქუჩის საქმე

2017 წლის 1 დეკემბერს ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეს ამჟამად ორი მსჯავრდებული ჰყავს. ლევან დადუნაშვილის მკვლელობისთვის მსჯავრს გუგა ბარბაქაძე იხდის, დავით სარალიძის მკვლელობის ბრალდებით კი გიორგი ჯანაშია. თავდაპირველად, ამ საქმეზე დააკავეს ბარბაქაძეც, რომელსაც ლევან დადუნაშვილის მკვლელობასთან ერთად დავით სარალიძის მკვლელობაში თანამონაწილეობაც ბრალდებოდა.

2018 წლის 31 მაისს პირველი ინსტანციის სასამართლომ ბარბაქაძეს დავით სარალიძის მკვლელობის ბრალდება მოუხსნა, გიორგი ჯანაშიას კი მუხლი შეუცვალა და მას სასჯელი არა მკვლელობის, არამედ დამამძიმებელ გარემოებაში განზრახ მკვლელობის მცდელობისთვის დაუწესა. გიორგი ჯანაშიას 9 წლითა და 9 თვით თავისუფლების აღკვეთა, ხოლო გუგა ბარბაქაძეს 10 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა შეეფარდა. ეს გადაწყვეტილება ნიშნავდა, რომ დავით სარალიძე სხვა პირის მიერ იყო მოკლული, რომელიც პოლიციას დაკავებული არ ჰყავდა.

სასამართლოს გადაწყვეტილებას დავით სარალიძის მამის ზაზა სარალიძის პროტესტი მოჰყვა, რომელიც მისი შვილის მკვლელობის საქმის სამართლიან და სრულფასოვან გამოძიებას ითხოვდა. სარალიძე თავიდან მთავარი პროკურატურის შენობასთან მივიდა. პროკურატურასთან სოლიდარობის ნიშნად მოქალაქეებმაც დაიწყეს შეკრება, რომლებმაც მოგვიანებით ზაზა სარალიძესთან ერთად პარლამენტის წინ გადაინაცვლეს. იმავე დღეს, მთავარმა პროკურორმა ირაკლი შოთაძემ თანამდებობა დატოვა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება კი როგორც დაცვის, ასევე ბრალდების მხარემ გაასაჩივრა.

2019 წლის 3 ივნისს თბილისის სააპელაციო სასამართლომ საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება ნაწილობრივ შეცვალა. კერძოდ, გიორგი ჯანაშია დამნაშავედ ცნეს დავით სარალიძის მკვლელობაში ჯგუფურად, სხვა პირთან ერთად. მას სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთა 11 წლითა და 3 თვის ვადით შეეფარდა.

ხოლო გუგა ბარბაქაძეს გამამტყუნებელი განაჩენი ისევ ლევან დადუნაშვილის მკვლელობის საქმეში დარჩა. სააპელაციო სასამართლომ მასაც თავისუფლების აღკვეთა 11 წლითა და 3 თვის ვადით შეუფარდა.

2019 წლის 4 ივნისს დავით სარალიძის განზრახ ჯგუფურად მკვლელობის ბრალდებით დააკავეს მიხეილ კალანდია, რომელსაც მკვლელობაში მონაწილეობას აბრალდებდა დავით სარალიძის მამა. მიხეილ კალანდიას საქმეს ამჟამად თბილისის საქალაქო სასამართლო განიხილავს.

სამართალდამცავებმა 2018 წლის ივნისში დააკავეს მიხეილ კალანდიას ბიძა მირზა სუბელიანიც, რომელიც მკვლელობის დროს მთავარ პროკურატურაში მუშაობდა. ზაზა სარალიძე მიიჩნევდა, რომ სწორედ სუბელიანი მფარველობდა კალანდიას ამ საქმეზე. თბილისის საქალაქო სასამართლომ მირზა სუბელიანი დანაშაულის შეუტყობინებლობაში ცნო დამნაშავედ და მას 1 წლითა და 1 თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.