დავით სარალიძის მკვლელობაში მსჯავრებულმა გიორგი ჯანაშიამ საპატიმრო დატოვა

პუბლიკა

დავით სარალიძის მკვლელობაში მსჯავრდებულმა გიორგი ჯანაშიამ პენიტენციური დაწესებულება დატოვა. ეს ინფორმაცია „პუბლიკას“ სპეციალურ პენიტენციურ სამსახურში დაუდასტურეს.

„სპეციალური პენიტენციური სამსახურის აღმოსავლეთ საქართველოს პირველი ადგილობრივი საბჭოს 2020 წლის 29 დეკემბრის გადაწყვეტილებით, მსჯავრდებულ გ.ჯ.-ს დანიშნული საპატიმრო სასჯელის (4 წლით თავისუფლების აღკვეთა) მოუხდელი ნაწილი შეეცვალა უფრო მსუბუქი სახის სასჯელით – შინაპატიმრობით, 11 თვითა და 4 დღით ადრე.

გ. ჯ. პენიტენციური დაწესებულებიდან გათავისუფლდა 2020 წლის 30 დეკემბერს. ინფორმაციისთვის, სპეციალური პენიტენციური სამსახურის ადგილობრივი საბჭოების გადაწყვეტილებით, 2020 წლის განმავლობაში დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი შინაპატიმრობით შეეცვალა 408 მსჯავრდებულს“, – ნათქვამია პენიტენციური სამსახურიდან „პუბლიკისთვის“ მოწოდებულ ინფორმაციაში.


გასული წლის იანვარში უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა კოლეგიამ გიორგი ჯანაშიასთან მხარეთა შორის მიღწეული საპროცესო შეთანხმება დაამტკიცა. ჯანაშიას 11 წლითა და 3 თვით მისჯილი წლებიდან საბოლოოდ, 8 წლით თავისუფლების აღკვეთა შეეფარდა, საიდანაც 4 წელი პენიტენციურ დაწესებულებაში უნდა გაეტარებინა, დანარჩენი 4 წელი კი პირობითად ჩაეთვლება. საპროცესო შეთანხმების მიხედვით, მას საპატიმრო 2021 წელს უნდა დაეტოვებინა.

გიორგი ჯანაშია ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე დავით სარალიძის მკვლელობის ბრალდებით დააკავეს. ამ საქმეზე დააკავეს გუგა ბარბაქაძეც, რომელსაც ლევან დადუნაშვილის მკვლელობასთან ერთად დავით სარალიძის მკვლელობაში თანამონაწილეობაც ბრალდებოდა.

პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებით, გიორგი ჯანაშიას 9 წლითა და 9 თვით თავისუფლების აღკვეთა, ხოლო გუგა ბარბაქაძეს 10 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა შეეფარდა. საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით, გიორგი ჯანაშია ცნობილ იქნა დავით სარალიძის დამამძიმებელ გარემოებაში განზრახ მკვლელობის მცდელობაში, ხოლო, გუგა ბარბაქაძე ლევან დადუნაშვილის განზრახ მკვლელობაში. მას სარალიძის მკვლელობაში ბრალი მოეხსნა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება როგორც დაცვის, ასევე ბრალდების მხარემ გაასაჩივრა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლეთა პალატამ ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება ნაწილობრივ შეცვალა. კერძოდ კი, გიორგი ჯანაშია დამნაშავედ ცნეს დავით სარალიძის მკვლელობაში ჯგუფურად, სხვა პირთან ერთად. მას სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთა 11 წლითა და 3 თვის ვადით შეეფარდა.

დავით სარალიძის განზრახ ჯგუფურად მკვლელობის საქმეზე მსჯავრდებულია ასევე მიხეილ კალანდია. მას 15-წლიანი პატიმრობა აქვს მისჯილი.