დავით სარალიძის მკვლელობისთვის მსჯავრდებული მიხეილ კალანდია პრეზიდენტისგან შეწყალებას ითხოვს

პუბლიკა

დავით სარალიძის განზრახ ჯგუფურად მკვლელობისთვის მსჯავრდებულმა მიხეილ კალანდიამ სალომე ზურაბიშვილს შეწყალების თხოვნით მიმართა. ინფორმაცია „პუბლიკას“ კალანდიას ადვოკატმა, ზურაბ თოდუამ დაუდასტურა. თავდაპირველად ეს ინფორმაცია „ინტერპრესნიუსმა“ გაავრცელა.

ადვოკატი ამბობს, რომ კალანდია ბრალს არ აღიარებს. მისი თქმით, კალანდიას მიმართ გამამტყუნებელი განაჩენი მოსამართლეებმა პოლიტიკური ძალების ზეგავლენის შედეგად გამოიტანეს და ის პრეზიდენტმა უნდა შეიწყალოს.

„მიხეილ კალანდიამ დაახლოებით 10 დღის წინ მიმართა პრეზიდენტს შეწყალების მოთხოვნით. ის ითხოვს შეწყალებას ბრალის აღიარების გარეშე. მიაჩნია, რომ მის მიმართ გამოტანილი განაჩენი არის პოლიტიკური პარტიების ძიძგილაობის შედეგი… პრეზიდენტი არის ერთადერთი დისკრეციული ძალის მქონე უმაღლესი თანამდებობის პირი, რომელსაც შეუძლია სამართლიანობის ნაწილში თავისი სიტყვა თქვას.

ეს იყო „ქართული ოცნების“ დაკვეთა, გიორგი გახარიას ხელით გაკეთდა, პირდაპირი ზეწოლა განხორციელდა მოსამართლეზე ასეთი განაჩენის მიღებაში. მოსამართლეს პირდაპირი კომუნიკაცია ჰქონდა გახარიას ნდობით აღჭურვილ ერთ-ერთ პირთან, რომელსაც მუდმივად უკავშირდებოდა და აბარებდა ანგარიშს საქმის მიმდინარეობის შესახებ”, – ამბობს ზურაბ თოდუა.

მიხეილ კალანდიას სასამართლოს სამივე ინსტანციის მიერ 11 წელითა და 3 თვის ვადით აქვს პატიმრობა მისჯილი, მას ბრალად დავით სარალიძის განზრახ ჯგუფურად მკვლელობა ედება. მასთან ერთად ამავე ბრალდებით დაკავებულია გიორგი მენაბდე, რომელსაც 10 წლითა და 6 თვის ვადით აქვს პატიმრობა მისჯილი. მესამე დაკავებულმა, გიორგი ჯანაშიამ კი საპატიმრო უკვე დატოვა. მას საპროცესო შეთანხმების საფუძველზე 4 წლით თავისუფლების აღკვეთა ჰქონდა შეფარდებული.

2017 წელს ხორავას ქუჩაზე მომხდარ ახალგაზრდებს შორის სისხლიან დაპირისპირებას დავით სარალიძისა და ლევან დადუნაშვილის სიცოცხლე ემსხვერპლა.

ხორავას ქუჩაზე მომხდარ მკვლელობას 2018 წელს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისია სწავლობდა. კომისიას ევროპული საქართველო უძღვებოდა. სხდომებზე გამოიკითხა მაშინდელი შს მინისტრი გიორგი გახარია, ასევე, პროკურორები, შსს-ის თანამშრომლები, მოწმეები, სკოლის დირექტორი და ა.შ.

კომისიის დასკვნით, საგამოძიებო უწყებები ცდილობდნენ მიეჩქმალათ მირზა სუბელიანის მონაწილეობა დანაშაულის დაფარვა/შეუტყობინებლობასა და მტკიცებულებების განადგურებაში. ასევე, მათ არ ჩაატარეს საგამოძიებო მოქმედებები, რასაც, შესაძლოა, დანაშაულის ჩადენაში ემხილებინა მიხეილ კალანდია., ა.ს. და სხვა ფიგურანტები. კომისიამ განსაკუთრებულ დარღვევად მიუთითა ის, რომ:  გამოძიებამ ხელი დააფარა პროკურატურის ყოფილ თანამშრომელს, მირზა სუბელიანის, მისი ოჯახის წევრებს და ნათესავებს, რაც გამოიხატა მიკერძოებულად ჩატარებულ საგამოძიებო მოქმედებებში;

გამოძიებამ არ გადაამოწმა დანაშაულში მიხეილ კალანდიას მონაწილეობის ვერსია და, მიუხედავად, მტკიცებულებათა ერთობლიობისა, პროკურატურამ მას ბრალი არ წარუდგინა დავით სარალიძის ჯგუფურ მკვლელობაში; გამოძიებამ არ გამოავლინა საქმესთან დაკავშირებული მნიშვნელოვანი გარემოება – მიხეილ კალანდიას მიერ ჩხუბის დროს ე.წ. „ტარის“ ქონა და დავით სარალიძის წინააღმდეგ მისი გამოყენება.