დავით ზალკალიანი უკრაინელ კოლეგას ტელეფონით ესაუბრა

პუბლიკა

საქართველოს ვიცე-პრემიერ, საგარეო საქმეთა მინისტრ დავით ზალკალიანსა და უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრ, დმიტრო კულებას შორის სატელეფონო საუბარი შედგა. ამის შესახებ ზალკალიანმა ტვიტერზე დაწერა.

“გავცვალეთ ინფორმაცია რუსული ოკუპაციის ფონზე საქართველოსა და უკრაინაში არსებული ვითარების შესახებ და ყურადღება გავამახვილეთ დაძაბულობის დეესკალაციის მიზნით საერთაშორისო თანამეგობრობის ჩართულობის მნიშვნელობაზე”, — წერს ზალკალიანი.

 

დღეს ესტონეთის ყოფილმა პრეზიდენტმა ტოომას ჰენდრიკ ილვესმა ტვიტერზე განცხადება გაავრცელა და უკრაინაში კრემლის სახიფათო ნაბიჯების შესახებ ქართული მხარის დუმილის გამო გაკვირვება გამოხატა.

“როდესაც 2008 წელს საქართველოში შეიჭრნენ, მე არა მხოლოდ ხმა ავიმაღლე, არამედ ჩავფრინდი ადგილზე, ცხელი საომარი კონფლიქტის დროს. მეც გაკვირვებული ვარ. რატომ გგონიათ, რომ მსოფლიო თანამეგობრობა თქვენ მიმართ რუსულ ოკუპაციას დაგმობს, თუ თავად თვალსაც არ ახამხამებ, როცა მეზობელს [უკრაინას] ემუქრებიან”, – დაწერა ილვესმა.