საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა საქართველოს მესამე პრეზიდნეტის მიხეილ სააკაშვილის განცხადების გამო საქართველოში უკრაინის ელჩის იგორ დოლგოვი სამინისტროში დაბარების მიზეზი განმარტა.
„ჩვენ მივიღეთ შესაბამისი გადაწყვეტილება, რომ მოვიწვიეთ უკრაინის ელჩი საქართველოში იმისთვის, რომ მას გაეკეთებინა ახსნა-განმარტება უკრაინის მოქალაქის მხრიდან, რომელსაც უკავია საკმაოდ მაღალი თანამდებობა, გაკეთებულ განცხადებასთან დაკავშირებით, რაც იყო დაკავშირებული საქართველოს საშინაო საქმეებში ჩარევასთან, კერძოდ საარჩევნო კამპანიასა და საარჩევნო პროცესში მის ჩართულობასთან.
ჩვენ მოვისმინეთ ელჩის მხრიდან, რომ ის არ არის აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენელი, რომ ის საერთოდ საჯარო მოხელეც კი არ არის, ამ დროს, თავდაპირველად, როდესაც სააკაშვილი დაინიშნა ჩვენ ეს ინფორმაცია გვქონდა და თავადაც აცხადებდა, რომ არის დანიშნული საკმაოდ მაღალ პოზიციაზე, რომ ის მანდატი, რაც არის მისთვის მინიჭებული, ითვალისწინებს სერიოზული რეფორმების პროცესში ჩართვას, მოლაპარაკებების გამართვას სავალუტო ფონდთან, ასევე, მსოფლიო ბანკთან და ა.შ. ამიტომ, ბუნებრივია, პირველი კითხვა, რაც უკრაინის ელჩთან იყო, წარმოედგინა მას დოკუმენტალურად თუ რასთან გვაქვს საქმე ანუ ეს არის უკრაინის რიგითი მოქალაქე თუ ადამიანი, რომელსაც აქვს შესაბამისი პოზიცია აღმასრულებელ ხელისუფლებაში“, – განაცხადა ზალკალიანმა.
მინისტრმა ასევე განაცხადა, რომ საქართველოს ელჩი უკრაინაში კონსულტაციებზე იმყოფება თბილისში და ამ პროცესმა, მისი განმარტებით, შესაძლოა, რამოდენიმე კვირას გასტანოს.