ქვეყანას რესურსების პრობლემა არ აქვს, მაგრამ ხშირად სტიქიასთან უძლურები ვართ - დავითაშვილი

პუბლიკა

„ასეთი რამ ხდება არა მხოლოდ საქართველოში, არამედ ნებისმიერ განვითარებულ ქვეყანაში. ძალიან სამწუხაროა, რომ ხანდახან ადამიანები, სისტემები, სახელმწიფო ინსტიტუტები თუ მთლიანად ქვეყნები უძლური არიან სტიქიური უბედურებების პრევენციის და აღკვეთის მიმართ“,- ამის შესახებ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

„იცით, რომ ყველა სახელმწიფო უწყება არის ჩართული, მთლიანად მობილიზებულია ის რესურსები, რომლებიც ქვეყანას გააჩნია. ამ კუთხით, მინდა, მკაფიოდ და ხაზგასმით განვაცხადო, რომ ქვეყანას რესურსების პრობლემა დღეს არ აქვს, მაგრამ სტიქიასთან დაკავშირებით, ასევე, ერთი რამ ხაზგასმით უნდა აღინიშნოს, რომ ხშირ შემთხვევაში, სამწუხაროდ, უძლური ვართ და რაღაცების პრევენცია, თავიდან არიდება ალბათ შეუძლებელია ხოლმე“,- განაცხადა დავითაშვილმა.

მეხანძრე-მაშველები ონის მუნიციპალიტეტში მეხუთე დღეა სამაშველო ღონისძიებას აწარმოებენ.

საგანგებო სიტუაციების სამსახურის ბოლო ცნობით, დილიდან მუშაობა განაახლა ორმა ვერტმფრენმა, პოლიციის დანაყოფებმა, კინოლოგთა ჯგუფმა, თავდაცვს და ინფრასტრუქტურის სამინისტროების თანამშრომლებმა. ადგილზე მუშაობს დრონები და სპეცტექნიკა.

მაშველებმა ამ დროისთვის 18 ცხედარი იპოვეს.