დავითაშვილი 300-ლარიანი დასაქმების პროგრამაზე: საბოლოოდ შეიქმნება შრომის ახალი კულტურა

პუბლიკა

ეკონომიკის ახალმა მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ საზოგადოებრივ სამუშაოებზე დასაქმების პროგრამაზე ისაუბრა და ჟურნალისტთა შეკითხვებს უპასუხა. პროგრამა სოციალური შემწეობის მიმღები შრომისუნარიანი პირების დასაქმებაზე იქნება ორიენტირებული და დასაქმებულები სოციალურ დახმარებასთან ერთად 300 ლარს მიიღებენ ყოველთვიურად.

ლევან დავითაშვილის თქმით, პროგრამის გრძელვადიანი მიზანი დასაქმებულთა კონკურენტუნარიანობის ამაღლებაა, რათა მომავალში ისინი ინტეგრირდნენ შრომის ბაზარზე.

„საზოგადოებრივ სამუშაოებს რაც შეეხება, ჩვენ შევისწავლეთ სხვადასხვა საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკა, რისკიც ავწონ-დავწონეთ. ავიღეთ საუკეთესო გამოცდილების ელემენტები. ზოგიერთ ქვეყანას ასეთი პროგრამების ათწლეულობით განხორციელების გამოცდილება აქვს.

ამან ყველა ქვეყანაში გამოიღო შედეგი რამდენიმე მიმართულებით. პირველ რიგში, ყველაზე მნიშვნელოვანი – იმ ადამიანებისთვის, ვისთვისაც ამ პროგრამას ვაკეთებთ, მდგომარეობა გაუმჯობესდა. გრძელვადიან პერსპექტივაში ამის მიზანია ამ ადამიანის ინტეგრაცია შრომის ბაზარზე. ყველა სხვა ქვეყანაში მიზანი ეს იყო.

მათაც მაღალი რიცხვებით დაიწყეს, მაგრამ მოახერხეს, რომ ახლა ძალიან მცირე რაოდენობით უწევთ საზოგადოებრივი საქმიანობის შეთავაზება. ზოგიერთ ქვეყანაში საზოგადოებრივი საქმიანობების შეთავაზების საჭიროება რჩება, მაგრამ ადამიანები უკვე ინტეგრირებულები არიან სტანდარტულ შრომის ბაზარზე.

ჩვენც იმედი გვაქვს, რომ საბოლოოდ ადამიანების ინტეგრირება მოხდება შრომის ბაზარზე და საზოგადოებრივი სამუშაოების შეთავაზების საჭიროება აღარ იქნება. საბოლოოდ შეიქმნება შრომის ახალი კულტურა ადამიანთა იმ ჯგუფებში, რომლებსაც დიდი ხნის განმავლობაში არ ჰქონდათ პრაქტიკა შრომის. ადვილად შეძლებენ ინტეგრირებას უფრო მაღალანაზღაურებად სამუშაოებზე. ბიუჯეტი 100-150 მილიონი ლარი შეიძლება იყოს მიმდინარე წლისთვის“. – განაცხადა ლევან დავითაშვილმა.