ეკონომიკის მინისტრმა და ვიცე-პრემიერმა ლევან დავითაშვილმა განაცხადა, რომ ინფორმაციას არ ფლობს ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს პროკურორის გადაწყვეტილების შესახებ.
ლევან დავითაშვილს შეკითხვა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე დაუსვეს.
„ჰააგასთან დაკავშირებით ინფორმაცია არ მაქვს, არ ვარ საქმის კურსში, შესაბამისად ვერ მოგაწვდით ინფორმაციას“, – თქვა მან.
სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს პროკურორმა კარიმ ასად ახმად ხანმა 2008 წლის რუსეთ- საქართველოს ომის საქმის გამოძიება დასრულებულად გამოაცხადა.
„დღეს შემიძლია დავადასტურო, რომ სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს წარმოებაში არსებული საქმეების გარდა, ჩემი ოფისი აღარ გააგრძელებს გამოძიებას ახალი მიმართულებით საქართველოს სიტუაციის ფარგლებში სხვა პირთა სავარაუდო სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობასთან ან სხვა ქმედებებთან დაკავშირებით. შესაბამისად, რადგანაც გარემოებები მნიშვნელოვნად არ შეცვლილა, საქართველოს სიტუაციის გამოძიების ეტაპი დასრულდა. ამ გადაწყვეტილების შესახებ უკვე ვაცნობე საქართველოს ხელისუფლებას“, – წერია ჰააგის სასამართლოს მთავარი პროკურორის ოფისის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.