დავითულიანი ამბობს, „ოცნება“ ომბუდსმენობაზე აბაშიძის კანდიდატურის განხილვასაც აღარ გეგმავს

პუბლიკა

„ქართული ოცნების“ დეპუტატის, ბექა დავითულიანის ინფორმაციით, დღეს პარლამენტში ომბუდსმენობის კანდიდატთან დაკავშირებით ოპოზიციასთან შეხვედრა გაიმართება. მისი თქმით, ოპოზიციის ძირითადი ნაწილი დღეიდან ფორმალურად ჩაერთვება ომბუდსმენობის კანდიდატთან დაკავშირებულ მოლაპარაკებებში.

დავითულიანის თქმით, „ქართულ ოცნებას“ „არავითარი წინაპირობა არ აქვს შეთანხმებისთვის, გარდა ერთისა“.

„ვინც ამ პროცესში პარლამენტს არ გაუწია ელემენტარული ანგარიში და პატივისცემა არ გამოავლინა, არ მოვიდა და არ გააცნო თავისი ხედვები, ასევე ვინც პირდაპირ შეურაცხყოფას არ აყენებს ჩვენს ამომრჩევლებს, ნებისმიერ კანდიდატზე დავილაპარაკებთ, სულ ერთია ვისზე, ამ ეტაპზე ასეთია ჩვენი პოზიცია”, – განაცხადა დავითულიანმა.

კითხვაზე – ვინ არის ის, ვინც შეურაცხყოფას აყენებს ამომრჩეველს და პარლამენტს, და გულისხმობს თუ არა ანა აბაშიძეს და ნაზი ჯანეზაშვილს – დავითულიანი პასუხობს, რომ ორივეს გულისხმობს.

„ორივეს – ერთი არ მოვიდა, მეორემ პირდაპირ განაცხადა შეურაცხმყოფელი რაღაცები, „ფეისბუქზე” ჰქონდა განცხადება, პირდაპირ ილანძღებოდა“,- განაცხადა დავითულიანმა.

ანა აბაშიძის გამორიცხვა შესაძლო კანდიდატების სიიდან სიახლეა. 28 ნოემბერს ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძემ განაცხადა, რომ „ქართული ოცნება“ სახალხო დამცველობის რვა კანდიდატზე ოპოზიციასთან კონსულტაციებს გააგრძელებს. ესენი არიან: ანა აბაშიძე, გიორგი ბურჯანაძე, ლელა გაფრინდაშვილი, თინათინ ერქვანია, ნუგზარ კოხრეიძე, გიორგი მარიამიძე, ქეთევან ჩაჩავა და იაგო ხვიჩია.