დავითურმა საკონსტიტუციოში „უცხოური ძალის ინტერესების გამტარი“ ტერმინის უარყოფით მხარეებზე ისაუბრა

პუბლიკა

არასამთავრობო და მედიაორგანიზაციების სარჩელზე მომხსენებელმა, გიორგი დავითურმა საკონსტიტუციო სასამართლოში ისაუბრა „უცხოური ძალის ინტერესების გამტარის“ ტერმინის მნიშვნელობაზე და მის უარყოფით შინაარსზე.

დავითურის განცხადებით, არ შეიძლება ადამიანს დაერქვას ეს ტერმინი, ხოლო იმ შემთხვევაში თუ ამის აუცილებლობა არსებობს, სისხლის სამართლის კოდექსით უნდა გასამართლდეს, გამომდინარე იქიდან, რომ სსკ-ში ამ სიტყვებს შესაბაისი, ნეგატიური დატვირთვა აქვს.

„შევეცდები ამ ტერმინს იურიდიული განმარტებით მივუდგე. ადამიანური განმარტებით, რომ დავუძახო აქ ნებისმიერ თქვენგანს „უცხოური ინტერესების გამტარებელი“, ვვარაუდობ, არავის არ მოეწონება. სამართლებრივად, სისხლის სამართლის კანონში აი ეს ტერმინები, რომლებიცაა „უცხო“, „ძალა“, „ინტერესები“, „გამტარებელი“, განსაკუთრებით, მათში ნებისმიერი თანხვედრადობით, შეგვხვდება მხოლოდ ერთ თავში, სახელმწიფოს წინააღმდეგ მიმართულ დანაშაულებში.

[სისხლში] ყოველთვის ნეგატიური კონტექსტში იგულისხმება და ამ ნაწილს აქვს თუ არა პოზიტიური კონტექსტი ეს ჩვენი შესაფასებელი არ არის. რაც შეეხება, ვისაუბროთ თეორიულ პოზიტიურ კონტექსტზე, მინდა თქვენი მაგალითი მოვიყვანო, როდესაც თქვით, რომ უცხო ძალის ინტერესების გამტარებელმა შეიძლება, გააკეთოს კარგი საქმე. ეს ტერმინი დამსახურებაზე დაფუძნებულია. თავისთავად ვაკუუმში რომ წარმოვიდგინოთ ეს ტერმინი, შეიძლება, არაფერი არ ჰქონდეს თუმცა, როდესაც საზოგადოებაში ვსაუბრობთ, არ შეიძლება ვინმეს დაერქვას ეს ტერმინი და თუ ვინმეს ერქმევა – სისხლის სამართლის გზა არსებობს. როდესაც ჩვენ უცხოური ძალის ინტერესების გამტარ ორგანიზაციებს ვეძახით, ეს ორგანიზაციები გაერთიანების თავისუფლების ან იურიდიულ პირთა თავისებურების გათვალისწინებით ფიქციები არიან, მაგრამ ამ ორგანიზაციების სახელები, საქმიანობა ყოველთვის არის ასოცირებული მათში დასაქმებულ ადამიანებთან. როდესაც ამ ადამიანებს ვეუბნებით, რომ უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელი ხარ – ჩემი გაკეთებული კარგი თუ ცუდი საქმე საერთოდ უკანა ფლანგზე იწევს. ეს კანონი მე განმიხილავს არა როგორც თავისუფალ ადამიანს, რომელსაც შეუძლია საკუთარი საქმე აკეთოს, საკუთარი საქმით მიეხმაროს ქვეყანას, ცუდად თუ კარგად, თუ რამე შემეშლება არსებობს კანონმდებლობა და დამსაჯეთ, მათ შორის სისხლის სამართლით“, – განაცხადა გიორგი დავითურმა.

დავითურმა ასევე ისაუბრა ადამიანებთან შემხებლობაში მყოფ სერვისებზე, რომლებსაც, მისი თქმით, აღნიშნული ტერმინი  შინაარსს უკარგავს.

„განვიხილოთ ჩემთვის და საკონსტიტუციო სასამართლოსთვის ნაცნობი მაგალითი, რაც ვიცით ფაქტების დონეზე.  დღეს საკონსტიტუციო სასამართლოს აქვს ევროკავშირის ლოგო. არამარტო ვებგვერდზე, მათ შორის სამართალწარმოების სისტემა შეიქმნა ევროკავშირის მხარდაჭერით. საკონსტიტუციო სასამართლომ მხარდაჭერისთვის მივმართეთ, როდესაც ქვეყნისთვის კარგი საქმის გაკეთება გინდა და გჭირდება რესურსი, ხშირად ეს რესურსი ქვეყანაში არ არის და  გჭირდება მოიძიო გარედან, ვგულისხმობ არა ნებისმიერ ქვეყანას, არამედ ქვეყნებიდან, რომლებიც საქართველოს კონსტიტუციის მიხედვით ითვლებიან სტრატეგიულ პარტნიორებად. ჩვენ მივმართეთ ევროკავშირს, იმიტომ რომ ვიცოდით, რომ გვქონდა პროექტი საქართველოსი „EU For Justice“. ევროკავშირი დაგვეხმარა.

ამ თვალსაზრისით, ნებისმიერი ასეთი საქმიანობა, ადამიანებთან პირდაპირ შემხებლობაში მყოფი სერვისები, ამ ყველაფერს ჩვენ ვეძახით „უცხოური ძალის ინტერესების გამტარი ორგანიზაციების მიერ გაკეთებულ საქმიანობას“. ამ ქუდის ქვეშ მოაზრებული, კარგი საქმე იქნება, ქვეყნის გადატრიალება იქნება თუ აშენება, – იკარგება შინაარსი.

სულ რომ შენი ქვეყნისთვის მოკვდე, ეს ტერმინი გეუბნება, რომ შენ თუ ამ ტერმინის ქვეშ მოკვდი ესე იგი შენ სხვისთვის გააკეთე ეს. პირველი შენი წამყვანი ინტერესი იყო სხვა ქვეყანა, ის ვინც ამაში ფული ჩადო.

ტერმინოლოგია შემთხვევით არ შერჩეულა, შეირჩა გარკვეული მიზეზებით და მიზნებით, რომლის განხილვის საშუალებაც არ ვიცი რა დონით მოგვეცემა, თუმცა სამართლებრივად ეს ტერმინი ნიშნავს ამას“, – ამბობს გიორგი დავითური.

საკონსტიტუციო სასამართლომ რუსული კანონის შეჩერებასთან და გაუქმებასთან დაკავშირებული სარჩელების განხილვას დღეს, 29 აგვისტოს 11:00 საათზე დაიწყო.

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო საკითხს 29-31 აგვისტოს, სრული შემადგენლობით, განმწესრიგებელ სხდომაზე განიხილავს.

სარჩელებში მითითებულია, რომ რუსული კანონი ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციას და მოთხოვნილია მისი გაუქმება. 

გარდა ამისა, საკონსტიტუციო სასამართლომ უნდა განიხილოს მოსარჩელეთა შუამდგომლობა, რომლის მიხედვითაც, რუსული კანონის მოქმედება უნდა შეჩერდეს მანამ, სანამ საკონსტიტუციო სასამართლო საბოლოო გადაწყვეტილებას არ გამოიტანს. 

29-31 აგვისტოს სხდომებზე მოსამართლეები ორ საკითხზე იმსჯელებენ:

1) ცნონ თუ არა სარჩელი დასაშვებად;

2) არსებითი განხილვის გარეშე, საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე, შეაჩერონ თუ არა ნორმების  მოქმედება, რომელიც 2 სექტემბრიდან ამოქმედდება.

საკონსტიტუციო სასამართლო განიხილავს პრეზიდენტის, 121 არასამთავრობო და მედიაორგანიზაციის, ოპოზიციონერი დეპუტატების და მედიების: „მთის ამბებისა” და „სტუდია მონიტორის“ სარჩელებს.

ზემოაღნიშნული ყველა სარჩელი სასამართლოში გაერთიანდა და მათი განხილვაც ერთ საქმედ მოხდება.