დავიწყე ძალიან აქტიური მოლაპარაკებები უცხოურ კლინიკებთან - ჯაფარიძე სააკაშვილზე

პუბლიკა

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, თბილისის საკრებულოს დეპუტატმა, სოფო ჯაფარიძემ დღეს რუსთავის ციხესთან ბრიფინგი გამართა. როგორც ჯაფარიძე ამბობს, რაც შეიძლება სწრაფად უნდა მოხდეს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის სამკურნალოდ უცხოურ კლინიკაში გადაყვანა, რადგან ნებისმიერ წუთს შეიძლება დადგეს სავალალო შედეგი.

მისივე თქმით, ის მოლაპარაკებებს უკვე აწარმოებს სხვადასხვა უცხოურ კლინიკასთან და წინადადებებს ხელისუფლებას შესთავაზებს.

„დღეს რუსთავის ციხეში ჩვენ ვუყურებთ, როგორ კლავენ რუსეთის დაკვეთით ქვეყნის მესამე პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილს და ვინც სამედიცინო კონსილიუმის დასკვნა მოისმინა, ამაში ყველა დამეთანხმება. ახლა სიჩუმე არის დანაშაული და აღარ არის დრო მხოლოდ განცხადებების. ჩვენ უნდა გადავიდეთ მოქმედებაზე და მე დავიწყე უკვე აქტიური მოქმედებები მიხეილ სააკაშვილის უცხოეთში სამკურნალოდ გადასაყვანად. სამწუხაროდ, აქ ამ ციხეში და ჩვენს ქვეყანაში შეუძლებელია მისი მკურნალობა და მე დავიწყე ძალიან აქტიური მოლაპარაკებები უცხოურ კლინიკებთან. ყველა წინადადებას მე შევთავაზებ ჩვენს ხელისუფლებას, და ყველაფერს გავაკეთებ იმისათვის, რომ რაც შეიძლება სწრაფად მოხდეს სააკაშვილის უცხოეთში სამკურნალოდ გადაყვანა, იმიტომ, რომ ნებისმიერ დროს შეიძლება დადგეს ძალიან ცუდი შედეგი.

როდესაც საქმე ეხება ადამიანის სიცოცხლეს და ნებისმიერ წუთს შეიძლება დადგეს გამოუსწორებელი შედეგი, გვერდზე უნდა გადავდოთ პოლიტიკაც, ბრძოლაც და შურისძიებაც და რაც შეიძლება სწრაფად უნდა გადავარჩინოთ პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის სიცოცხლე“, – განაცხადა ჯაფარიძემ.

სახალხო დამცველის ნინო ლომჯარიას განცხადებით, 22 აპრილს ომბუდსმენის მიერ შექმნილმა სპეციალისტთა და ექსპერტთა ჯგუფმა მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი მოინახულა და შეისწავლა მისი სამედიცინო მდგომარეობა.

კონსილიუმის დასკვნით, ბოლო ვიზიტთან (11.01.2022) შედარებით, პაციენტის მდგომარეობა მნიშვნელოვნადაა გაუარესებული. პაციენტი ამჟამად არის უარყოფით კატაბოლურ მდგომარეობაში (ორგანიზმი მოიხმარს საკუთარი ორგანოების დაშლის შედეგად გამოყოფილ ცილებს – ერთგვარი თვითმონელება). კერძოდ, მიუხედავად იმისა, რომ ამჟამად მიხეილ სააკაშვილს ფორმალურად შიმშილობა არ აქვს გამოცხადებული, წინა შიმშილობისგან განსხვავებით, მიმდინარეობს წონის კლება კუნთოვანი მასის (ცილის) კლების ხარჯზე. ამჟამად პაციენტის მდგომარეობა შეიძლება შეფასდეს, როგორც ცილოვანი შიმშილი (მიზეზი – ანორექსია).