სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური ავრცელებს განცხადებას, რომელშიც ნათქვამია, რომ სოციალურ ქსელში სხვადასხვა პირის მიერ ვრცელდება „TV პირველის“ გარდაცვლილი ოპერატორის ალექსანდრე (ლექსო) ლაშქარავას შესახებ პერსონალური, მათ შორის, განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემები.
„ინფორმაცია მისი დაკავების, მისთვის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების, მის მიმართ შემაკავებელი ორდერის გამოცემის, მისი სისხლის სამართლის საქმეში ამა თუ იმ სტატუსით მონაწილეობის შესახებ.
ზემოაღნიშნული ინფორმაცია ვრცელდება ისეთი პირების მხრიდან, რომლებსაც დიდი ალბათობით ხელი არ უნდა მიუწვდებოდეთ არც სისხლის სამართლის საქმის, არც ადმინისტრაციული საქმისწარმოების მასალებზე და არც სამართალდამცავი ორგანოების მფლობელობაში არსებულ იმ საინფორმაციო ბაზებზე, რომლებშიც აღნიშნული მონაცემები შესაძლოა ინახებოდეს, მათი რეალობის/სიზუსტის შემთხვევაში“, – ამბობენ სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურში.
სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმა დაიწყო შემოწმება, თუ რა გზით გახდა ცნობილი ეს მონაცემები სხვადასხვა პირისთვის.
სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური მოუწოდებს ყველა პირს, თავი შეიკავონ გარდაცვლილის შესახებ მონაცემების გაზიარებისა და გავრცელებისგან, ვინაიდან ეს ხელყოფს გარდაცვლილის პირად ცხოვრებას და წარმოადგენს კანონის დარღვევას.