დავრწმუნდი, რომ მარნეულში აქცია იყო პროვოცირებული, ფერმერებთან შეთანხმება მარტივად შედგა – სოფლის მეურნეობის სამინისტროს წარმომადგენელი

პუბლიკა

სოფლის მეურნეობის სამინისტროს მარაგების მართვის შტაბის ხელმძღვანელის, თენგიზ კალანდაძის განცხადებით, მარნეულის მოსახლეობა დღეს ორი პრობლემის წინაშე დგას – აგრარული ბაზრები, სადაც ისინი ყიდდნენ სოფლის მეურნეობის პროდუქტს, კორონავირუსის პრევენციის გამო დახურულია და მეორე – მარნეულში მცხოვრებლებს პროდუქტის გასაყიდად რაიონიდან წამოსვლა არ შეუძლიათ, რადგან მარნეულისა და ბოლნისის რაიონები კარანტინშია მოქცეული. კალანდაძის მტკიცებით, ხელისუფლებამ გლეხების პრობლემები მოაგვარა და მათთან მოსალაპარაკებლად დისტრიბუტორი და შემსყიდველი კომპანიები ჩაიყვანა.

სოფლის მეურნეობის სამინისტროს წარმომადგენელი სოზარ სუბართან ერთად დღეს მარნეულის აქციაში მონაწილე ადამიანებს შეხვდა. მისი შეფასებით, პროტესტი პროვოცირებული იყო, ფერმერებთან საქმიანი მოლაპარაკების დაწყებისას კი „პროვოკატორები სადღაც გაძვრნენ”.

„დაახლოებით, შეკრებილი იყო 200-მდე ადამიანი, ფერმერები, რომლებიც მოითხოვდნენ, რომ უფრო ოპერატიულად მომხდარიყო მათი პროდუქციის რეალიზაცია, მაგრამ აშკარად იქ რამდენიმე პირი შეინიშნებოდა, პროვოკატორი. ცდილობდნენ, აგრესია გამოევლინათ. მოდიოდნენ ყვირილით, გაქაჩვის მსგავსი რაღაცები იყო, თუმცა ეს ჩვენ მოლაპარაკების გზით დავაწყნარეთ.

იქ შეკრებილი მოსახლეობის ძირითადი ნაწილი იყვნენ ჩვენი გლეხები, ფერმერები, რომლებიც შრომობენ. მას შემდეგ, რაც გავმართეთ მათთან მოლაპარაკებები და მოვიდა შემსყიდველი კომპანიის კიდევ ორი დიდი ტრაილერი, შესთავაზა მათ შესყიდვა. ფასზეც შეთანხმებულები არიან – ერთი ლარი არის ფიქსირებული, ძალიან მალე ეს ვნებათაღელვა ჩაცხრა და ფერმერები გაჰყვნენ მანქანას თავიანთ სოფლებში“, – განაცხადა კალანდაძემ ტვ პირველის ეთერში.

კალანდაძის მტკიცებით, სახელმწიფო პროდუქციის სუბსიდირებას არ გეგმავს, შეთანხმებული ერთი ლარი კი შემსყიდველისთვისაც და გამყიდველისთვისაც მისაღები ფასია. მისი თქმით, იმ დღეების განმავლობაში, რაც მარნეულის მუნიციპალიტეტი კარანტინშია მოქცეული, სავაჭრო გადაადგილებები არ შეჩერებულა.

„ერთადერთი შეფერხება, რამაც გამოიწვია ეს, მარნეულის მცხოვრებლებს არ აქვთ უფლება, თავიანთი სადისტრიბუციო მანქანებით გამოვიდნენ რეგიონებიდან. ძირითადად, ვაჭრობა მიმდინარეობდა ასე – თვითონ გამოჰქონდათ პროდუქცია აგრარულ ბაზრებში”, – განმარტა კალანდაძემ.

თენგიზ კალანდაძის განცხადებით, თბილისიდან და სხვა ქალაქებიდან ჩასულ [და არა ადგილობრივ] დისტრიბუტორებს და შემსყიდველებს საკარანტინო ზონებში პროდუქტების შესყიდვისა და გამოტანის უფლება აქვთ. კალანდაძის მტკიცებით, კომპანიამ, რომელიც მარნეულში წარმოებულ სოფლის მეურნეობის პროდუქტს ყიდულობს, რესურსები დაამატა და დღეს აქციის შემდეგ კიდევ 5 ტრაილერი შევიდა სოფლებში. დამატებით, დარიგდა საშვები იმ მანქანებზე, რომლებიც პროდუქციას რეგიონებში გაანაწილებს.

თენგიზ კალანდაძის განცხადებით, სოფლის მეურნეობის პროდუქტის შემსყიდველი ერთადერთი კომპანია, რომლებზეც მოსახლეობა და ოპოზიცია აქციაზე საუბრობდა, სრულად აკმაყოფილებს უსაფრთხოებისა და ჰიგიენის სტანდარტებს და ამიტომ ჰქონდა მას მარნეულში მუშაობის საშუალება. სამინისტროს წარმომადგენლის თქმით, ეს არ იქნება ერთადერთი კომპანია და ის აგრარული ბაზრები, რომლებიც ჯანდაცვის სფეროს რეკომენდაციებსა და მოთხოვნებს დააკმაყოფილებს, გაიხსნება.

„დეზერტირების ბაზრობაზე საბითუმო ვაჭრობა გაიხსნა, ასევე, მოაწესრიგა ნავთლუღის ბაზარმა სველი წერტილები და ახალი ასფალტი დააგო, რამდენიმე დღეში ნავთლუღის ბაზარსაც გავხსნით.

ნებისმიერი კომპანიას, რომელიც აკმაყოფილებს რეკომენდაციებს, მოთხოვნებს, აგრარული ბაზრების მიმართ, ხვალვე შეუძლიათ, მოგვმართონ ან ჩავიდნენ პირდაპირ მარნეულში, იყიდონ პროდუქცია, თუ სურთ, რომ ორგანიზაციულ ნაწილში დავეხმაროთ, მზად ვართ შუამდგომლობისთვის,” – აცხადებს კალანდაძე.

სოფლის მეურნეობის სამინისტროს წარმომადგენლის განცხადებით, ხელისუფლება ბიზნესისთვის შეზღუდვის შერბილებაზე ფიქრობს, თუმცა გასათვალისწინებელია ეპიდემიის გავრცელების რისკიც. კალანდაძის თქმით, სოფლის მეურნეობის სამუშაოებისთვის დღის განმავლობაში რამდენიმე საათით მსუბუქი ავტომობილებით გადაადგილების დაშვება სწორედ შერბილების პოლიტიკის ერთ-ერთი ნაბიჯი იყო.


ადგილობრივი მედიის ცნობით, დღეს მარნეულში 7 სოფლის მოსახლეობის ნაწილი შეიკრიბა. ისინი აცხადებდნენ, რომ რაიონიდან მათი პროდუქტების გატანას ხელისუფლება ვერ უზრუნველყოფს. ადგილობრივი ჟურნალისტების თქმით, მოსახლეობა აპროტესტებდა მძიმე სოციალურ მდგომარეობას, გადაკეტეს გზა და ითხოვდნენ ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლების მისვლას.

აქცია მას შემდეგ დასრულდა, რაც მარნეულში სოზარ სუბარი, მხარის გუბერნატორი შოთა რეხვიაშვილი და სოფლის მურნეობის სამინისტროს წარმომადგენლები ჩავიდნენ.

ადგილობრივი მედიის ცნობით, ადგილობრივი ხელისუფლება მოსახლეობას პრობლემის მოგვარებაში დახმარებას დაჰპირდა.

„მთავარი არხის“ ინფორმაციით, ადგილობრივები ამბობენ, რომ  ხელისუფლების მხრიდან პრობლემების მოუგვარებლობის შემთხვევაში, პროტესტს გააგრძელებენ.