საქართველოს პარლამენტის ყოფილი ვიცესპიკერი თამარ ჩუგოშვილი ამბობს, რომ მან უმრავლესობის და თანამდებობების დატოვებასთან ერთად პარტიაც დატოვა.
თამარ ჩუგოშვილმა გადაცემა „რეაქციაში“ ჟურნალისტ ინგა გრიგოლიას კითხვაზე ეს გადაწყვეტილებები ნიშნავს თუ არა, რომ მისი და ბიძინა ივანიშვილის გზები გაიყარა, პასუხობს, რომ ასე გამოვიდა.
„მე გამოვედი უმრავლესობიდან და პარტიიდან, ამით ყველაფერია ნათქვამი. კი, ასე გამოვიდა. თუმცა ძალიან მინდა, რომ ოცნებამ მოახერხოს და წარმატებული ხელისუფლება იყოს ამ ქვეყნისთვიs, “- განაცხადა თამარ ჩუგოშვილმა.
კითხვაზე სად და როგორ გააგრძელებს პარლამენტის ყოფილი ვიცესპიკერი საქმიანობას, თამარ ჩუგოშვილი ამბობს, რომ თანამოაზრეებთან ერთად ფრაქციას შექმნის.
„განაწყენებული არ ვარ არავისზე საერთოდ. მე მაქვს დარჩენილი ვადა, სადღაც წელიწადზე ნახევარი, სანამ ჩემი მანდატი ამოიწურება. მაქვს ეხლა უკვე განსხვავებული შესაძლებლობა და მდგომარეობა და შემიძლია არ მივაქციო ყურადღება პარტიულ ხაზს, არცერთ პარტიულ ხაზს და მხოლოდ ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე და ჩემი პირადი აზრიდან გამომდინარე საზოგადოებას ვუთხრა ის რასაც ვფიქრობ და გავაკეთო ის, რაც სწორად მიმაჩანია.
პარტიის შექმნაზე არც ვფიქრობ და არც ვაპირებ, ასე მარტივი ამბავი არ არის უამრავი რესურსი სჭირდება. ვაპირებთ იმას, რომ ეს ვადა სანამ ამოიწურება ჩვენს საქმიანობას ჰქონდეს ორგანიზებული ხასიათი და ვფიქრობთ ფრაქციის შექმნაზე, “- განაცხადა თამარ ჩუგოშვილმა.