დავტოვე წინასწარ გამზადებული Facebook-სტატუსები, რომლებსაც ჩემი სანდო მეგობრები გაავრცელებენ – გოგაშვილი

პუბლიკა

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის ყოფილი მოადგილის, სოსო გოგაშვილის შვილი მამის მიმართვას ავრცელებს. 

მიმართვაში სოსო გოგაშვილი მადლობას უხდის ოჯახის წევრებს, ახლობლებს და მედიას. ასევე, წერს, რომ ინფორმაციას მუდმივად მიაწვდიან საზოგადობას „სანდო მეგობრები, რომლებსაც წინასწარ დავუტოვე გამზადებული Facebook სტატუსები“.

„მშვიდობა მოკეთეებო. აი მეც გამოვჩნდი, დავლაგდიმოვწესრიგდივეჩვევი ახალ გარემოს. ამ განსაცდელსაც გავუძლებ რწმენით. ახლა მოკითხვები და მადლობა ჩემო წმინდა ოჯახო. მიყვარხართ ყველა და მეიმედებით.

… მაპატიეთ ჩემი ახირება, რის გამოც აგაფორიაქეთ, მაგრამ ეგეთი ჯიუტი კამეჩი ვარ ხომ იცით მადლობა ჩემს ადვოკატებს, ჩემს მეგობრებს, ნათესავებს, ყველას ჩემებს, მაჩხაანიდან დაწყებული ტვიბით დამთავრებული.

მოკლედ სულ ესაა ამ ეტაპზე. ინფორმაციას მუდმივად მოგაწვდიან ჩემი სანდო მეგობრები, რომლებსაც წინასწარ დავუტოვე გამზადებული Facebook სტატუსები“, – წერს სოსო გოგაშვილი.


სოსო გოგაშვილი თბილისში 16 ივლისს თავისსავე სახლში დააკავეს. მას ბრალდება სამი მუხლით აქვს წარდგენილი.

სუს-ის ყოფილ მაღალჩინოსანს გამოძიება სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებას, პერსონალური მონაცემების უკანონოდ მოპოვება-შენახვა-გავრცელებასა და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო ფლობას ედავება.

ოჯახი სოსო გოგაშვილის დაკავებას მის მიერ არჩევნების გაყალბებასთან დაკავშირებული ინფორმაციის გასაჯაროებაზე გაკეთებულ განცხადებას უკავშირებს.

21 ივლისს „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველომ“ და „სამართლიანმა არჩევნებმა“ გამოაქვეყნეს ანგარიში, რომელიც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის ყოფილი მოადგილის, სოსო გოგაშვილის მიერ გადაცემულ ინფორმაციას ეყრდნობა.

15 ივლისს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის ყოფილმა მოადგილემ, სოსო გოგაშვილმა გაავრცელა განცხადება, რომელშიც ადასტურებდა, რომ ის ფლობდა უსაფრთხოების სამსახურიდან გამოტანილ ინფორმაციას, რომელიც, მისივე თქმით, მიაწოდა მედიას, NGO-ებს, ელჩებსა და საერთაშორისო პარტნიორებს.

„ყველა შესაბამის ორგანიზაციას გადავეცი ჩემს ხელთ არსებული ყველა მტკიცებულება არჩევნების გაყალბების მთლიანი სტრუქტურის შესახებ. ასევე, დავაკავშირე სხვა თვითმხილველები და მოწმეები, როგორც მედიას ასევე სხვა ორგანიზაციებს“, – ამბობდა ის.