„კობახიძის განცხადება, ჩემი აზრით, შეცდომა იყო და როგორც არასდროს ისე გაგვაერთიანა. როგორც ჩანს, მეტი არაფერი არ მოხდება, დავწერთ განცხადებას და პარლამენტში არ შევალთ“, – ამის შესახებ „გირჩის“ ერთ-ერთმა წევრმა ალექსანდრე რაქვიაშვილმა „ლელოს“ ოფისში ოპოზიციური პარტიების შეხვედრის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებთან განაცხადა.
რაქვიაშვილის თქმით, როდესაც „ქართული ოცნება“ დაინახავს, რომ მარტოა პარლამენტის დარბაზში, შეიძლება „ახალი მუხტი მისცეს“.
„ჩვენ მთელი ამ მოლაპარაკების განმავლობაში ერთი და იგივე პოზიცია გვქონდა და უბრალოდ მივიჩნევდით, რომ ძალიან მნიშვნელოვანი იყო ერთიანობა. ამიტომ სხვა კოლეგებთან ერთად ვმუშაობდით და ერთიან პოზიციას ვაყალიბებდით. დღეს, შეხვედრაზე დისკუსია პროცედურულ საკითხებზე იყო. კობახიძის განცხადება იმდენად ცუდი იყო, რომ ძალიან სერიოზული, რაღაც უნდა მოხდეს, რომ მოლაპარაკებას აზრი ჰქონდეს“, – აღნიშნა ალექსანდრე რაქვიაშვილმა.
ის ამბობს, რომ მთელს ოპოზიციაზე პასუხისმგებლობას ვერ აიღებს, თუმცა დარწმუნებულია, რომ „გირჩი“ პარლამენტში არ შევა.
„მთელს ოპოზიციაზე პასუხისმგებლობას ვერ ავიღებ, მაგრამ დარწმუნებული ვარ, „გირჩი“ პარლამენტში არ იქნება. მე რთულად წარმომიდგენია, როდესაც ერთი მხარე გემუქრება, ულტიმატუმს გიყენებს, ჩვენ არა, მაგრამ „ნაციონალურ მოძრაობას” გაუქმებით ემუქრება, მე მგონი, ასეთ მოლაპარეკებებს აზრი ეკარგება”, – განაცხადა რაქვიაშვილმა.