დაწესებულება, რომელშიც ქორწილი იმართებოდა, დაჯარიმდა - ბექა ფერაძე

ჯანდაცვის სამინისტროს შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტის უფროსის, ბექა ფერაძის განცხადებით, ერთ-ერთი კომპანია საკუთარ ობიექტზე ქორწილის ჩატარების გამო 10 000 ლარით დაჯარიმდა.

ჯანდაცვის სამინისტრომ კორონავირუსის ინფექციის გავრცელების პრევენციის მიზნით, სხვადასხვა ტიპის ობიექტებისთვის საქმიანობის განხორციელებასთან დაკავშირებით სავალდებულო რეკომენდაციები შეიმუშავა.

შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტი კომპანიების ეტაპობრივ შემოწმებას ახორციელებს იმის დასადგენად, თუ რამდენად ასრულებს ესა თუ ის ობიექტი სავალდებულო რეკომენდაციებს.

„შემოწმებები ხორციელდება რისკის შეფასების საფუძველზე. იქ სადაც არის ადამიანების თავშეყრის მაღალი კონცენტრაცია, სწორედ ეს არის სამიზნე ამ ეტაპზე. თუმცა, მინდა ვთქვა, რომ ინსპექტირებას დაექვემდებარება ნებისმიერი ობიექტი, რომელიც ეტაპობრივად ოპერირებს”, – განაცხადა ფერაძემ.

მისი თქმით, ორი კომპანია არანებადართული საქმიანობის წარმოების გამო 10 000 ლარით დაჯარიმდა, მათ შორის ერთ-ერთი ქორწილის ჩატარების გამო, რაც არსებული შეზღუდვების პირობებში კომპანიებს კვლავ ეკრძალებათ.

„ამ შემთხვევაში ჩვენ კვების ობიექტები შევამოწმეთ და 31 არის დაჯარიმებული. თქვენ იცით, რომ მხოლოდ 6 ადამიანი შეიძლება განთავსდეს ერთ მაგიდასთან. ასევე რეცხვა-დეზინფექციისთვის არის შესაბამისი პროტოკოლები გაწერილი, რაც, ხშირ შემთხვევაში, გვხვდება დარღვეული. ერთი კომპანია დაჯარიმდა არანებადართული ეკონომიკური საქმიანობისთვის და ერთი კომპანია დაჯარიმდა ქორწილის მიმდინარეობისთვის, რაც არ არის ნებადართული საქმიანობა”, – განაცხადა ფერაძემ.


ჯანდაცვის სამინისტრომ კორონავირუსთან დაკავშირებული რეკომენდაციების დარღვევის გამო, 3 სასტუმრო და 31 კვების ობიექტი დააჯარიმა.

ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, დღეის მდგომარეობით 90 რესტორანი შემოწმდა. ამასთან, შრომის ინსპექციამ დღეის მდგომარეობით 3 სასტუმრო დააჯარიმა, აქედან 1 რეკომენდაციების დარღვევისთვის, 2 კი მუშაობის უფლების არქონის პირობებში მუშაობის გამო, ანუ მათ რეგისტრაცია არ გაუვლიათ და საქმიანობდნენ შრომის ინსპექციის შემოწმებისა და ნებართვის გარეშე.